მეუფე შიო: ჩვენ ყველას გვაქვს გულსაკიდი ჯვრები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენს გულებში აღიმართოს და გამოისახოს ჯვარი, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელ გზასაც ჯვარი გვიჩვენებს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა დღევანდელ ქადაგებაზე ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ძვირფასო და ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის დღესასწაული, რომელიც იწოდება – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გილოცავთ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა. დღევანდელი დღე უკავშირდება წმინდა მოციქულთასწორ ელენე დედოფალს და მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდს, იმპერატორს, რომლებმაც ქრისტიანებზე დევნის დასასრულის შემდეგ განიზრახეს, მოეძიებინათ ის ჯვარი, რომელზეც ჯვარცმული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე და აღასრულეს კიდეც ეს დიდი საქმე. თქვენ გახსოვთ, რამდენი სასწაული მოხდა მაშინ: აღდგა მკვდარი, რომელსაც შეახეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, შემდეგ ჯვარი საზეიმოდ აღიმართა პატრიარქის მიერ და იმ დღიდან დაწესდა ასეთი შესანიშნავი დღესასწაული. თქვენ ასევე იცით, რომ შემდეგ იმ ადგილას, იერუსალიმში, აშენდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის დიდებული ტაძარი. აი, ასეთი დღესასწაულია დღეს. ჩვენ ყველას გვაქვს გულსაკიდი ჯვრები, სხეულზე ვატარებთ ჯვრებს, მაგრამ აუცილებელია, მთავარია, რომ ჩვენს გულში გვქონდეს, ჩვენს გულებში აღიმართოს და გამოისახოს ჯვარი, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელ გზასაც ჯვარი გვიჩვენებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის თავგანწირული სიყვარულის გზა ღმერთისა და მოყვასისადმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია სწორედ ამ თავგანწირვისა, უფრო ხშირად გვეშინია, ვერიდებით და გვავიწყდება, რომ სწორედ ამ თავგანწირულ სიყვარულში არის გზა და ეს თავგანწირული სიყვარულია მიმყვანებელი ყოველგვარი სიკეთისადმი, ბედნიერებისადმი, კეთილდღეობისადმი, ნეტარებისადმი, სიტკბოებისადმი, ყოველი სიკეთისა და სიხარულისადმი. დღეს გვავიწყდება, რომ როგორც სვიმონ კვირინელმა ზიდა ქრისტეს ჯვარი, ჩვენც, ჩვენი ჯვრის აღებისას, სვიმონ კვირინელის მსგავსად ქრისტეს ჯვარს ვეზიდებით და ეს ჯვარი ხდება სიხარულის მომტანი. წმინდა მამებს აქვთ ასეთი გამოთქმა, რომ „ჯვარი შენი, ცხოვრებისეული, უნდა აქციო ქრისტეს ჯვრად“. მაშინ ის გადაიქცევა დიდ სიხარულად. ჩვენ გვავიწყდება, რომ სადაც არის ჯვარი ქრისტესი, სადაც არის მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ და თავად ნეტარებაც, როგორც ამ მიწიერ, ასევე ზეციურ ცხოვრებაში. დღეს, როდესაც მივეახლებით პატიოსან ჯვარს, ვევედროთ მას, შეგვეწიოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გზაზე, რომ დაემკვიდროს ჩვენს გულში, ძალა ჯვრისა დაგვეხმაროს, ამ გზით ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს, ჩვენ დღეს ვამბობთ ამას, ჩვენ გვინდა, ქრისტეს გზით ვიაროთ, რაც არის ღვთისა და მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარული.
დღეს, ამ დიდ საზეიმო დღესთან ერთად, გვაქვს სამწუხარო დღეც. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგიკულ ომს, ამ ომის დღეებს. ახლა გადავიხდით პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებლად. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები. მან ბრძანა, რომ „ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ომში დაეცა, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ჩვენ, ორივე მოძმე, ვიყავით მსხვერპლი ამ ომში“. მისმა უწმინიდესობამ ბრძანა: „მჯერა, დადგება დღე, როდესაც აიგება ქართველ და აფხაზ დაღუპულ გმირთა ერთი საერთო ძეგლი“.
აი, ასეთი დღეა დღეს. ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე აღსრულებულნი და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გამთლიანება ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალითა და მადლით, ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.