ხატია წილოსანი საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ხატია წილოსანსა და საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსს, ფრანსუა ჰენრი კლოარეკს შორის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სურსათის ბანკის შექმნასა და სურსათის მარაგების სწორად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
„აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „კარფურთან“ თანამშრომლობითა და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ერთობლივი ხედვით, საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება იგეგმება, რომელიც სურსათის მარაგების სწორად განაწილებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნის მასშტაბით, უვნებელ სურსათზე კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გახდის შესაძლებელს.
ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის საელჩოს ატაშესთან შეხვედრაზე, საელჩოს მხრიდან ქართველი სპეციალისტებისთვის საფრანგეთში სასწავლო ვიზიტის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოითქვა, რაც ჩვენ სპეციალისტებს სურსათის მარაგების მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცოდნას შესძენს“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.