როგორ იყენებს პუტინი ენერგოკომპანიებს კრემლის ინტერესებისთვის

პუტინის რეჟიმი რუსეთის წარმატებით მართვას ვერ ახერხებს, თუმცა, ყველა სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის ოსტატია. კრემლი საქართველოსა და უკარინის ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, სამხედრო აგრესიითაც არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი, საინფორმაციო ომსაც დაუღალავად აწარმოებს და ენერგეტიკის სფეროსაც გავლენის გასავრცელებლად იყენებს.

„როსატომი“ რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოში ატომური ენერგიის წარმოებაში მეოთხე ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით, „როსატომი“ ბირთვული ენერგეტიკის განვითარებით არის დაკავებული, თუმცა, ხშირად ის პუტინის დავალებებს ასრულებს და სხვადასხვა ქვეყანაში მას თავის ინტერესების გატარებაში ეხმარება.

„როსატომი“ ოფიციალური მოსკოვისგან მიღებული ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს. მის სახელს სხვა ბირთვული სახელმწიფოების სადგურების სისტემაში ვირუსის შეყვანაც კი უკავშირდება. პუტინი სპეცსამსახურებს „როსატომის“ მსგავსი კორპორაციების სრულ მხარდაჭერას ავალებს. სანაცვლოდ, კორპორაციები უცხო ქვეყნებში მოქალაქეების გადმობირებაზე მუშაობენ. „როსატომის“ მიერ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოპერირება პირდაპირი საფრთხეა. ბიზნესის კეთების ფასი ხშირად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის რუსული სპეცსამსახურების ხელში მოხვედრაა. „როსატომის“ წარმომადგენლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრისთანავე, ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას იწყებენ.

„როსატომი“ კრემლის მიერ ენერგოკომპანიის პოლიტიკური და თანაც მავნე მიზნებისთვის გამოყენების კლასიკური მაგალითია. ოფიციალური მოსკოვის ხელში ნებისმიერი ინსტრუმენტი საშიშია, რადგან თავად პუტინის რეჟიმი კაცობრიობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. „როსატომის“ ოპერაციები ცხადყოფს, რომ პუტინი მსოფლიოში მიღებულ თამაშის წესებს თავად არ ცნობს. არადა, ყოველთვის დასავლეთისკენ იშვერს თითს. დღევანდელ რუსეთში მთელი ძალაუფლება სრულად ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. პუტინი აკონტროლებს საჯარო უწყებებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. რუსულ კომპანიებთან თუ კორპორაციებთან თანამშრომლობა კი სულ უფრო საშიში ხდება. არავინ იცის, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვების შემდეგ რას მოიპარავენ, ვის გადაიბირებენ და რა საფრთხეს შეუქმნიან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს. „როსატომი“, რუსული ატომური ენერგიის გიგანტი, სინამდვილეში, სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს და პუტინის ხელში მოხვედრილი საშიში იარაღია.

მარიამ ნაკაშიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები