სააკაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” გახარიას “გაშავებას” რუსული მეთოდებით ცდილობს
“გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა”, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ნარკოტესტის სკანდალთან დაკავშირებით.
როგორც “ფეისბუქზე” ექსპრეზიდენტი წერს, ხელისუფლება ტიპური რუსული ხელწერით მოქმედებს, როცა ოპონენტების ყველაზე პრიმიტიული მეთოდებით გაშავებას ცდილობს.
“მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.
ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არცერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იმავეს.
ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.
ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა დონის ნაძირლებსა და მატყუარებთან გვაქვს საქმე.
ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელი და ახლა უკვე ოპონენტი, გიორგი გახარია “კოკაინშიკად” მოიხსენია.