მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგის გამოქვეყნებას წინა წლებში გაპარული უზუსტობების გამო, წყვეტს
მსოფლიო ბანკი Doing Business- ის ყოველწლიური რეიტინგის გამოქვეყნებას წყვეტს, წინა წლებში რეიტინგების მომზადების დროს დაშვებული დარღვევების გამო. Doing Business-ის რეიტინგი სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთების პირობებს აფასებს.
ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნება. მომავალში ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის შეფასების ახალ მიდგომაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
რეიტინგების პუბლიკაცია კომპანია WilmerHale-ის მიერ ჩატარებული აუდიტის შემდეგ გადაწყდა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტალინა გეორგიევა, რომელიც 2017 წელს მსოფლიო ბანკის გენერალური დირექტორი იყო, თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენდა, აიძულებდა მათ ჩინეთის რეიტინგების შეფასებისას სხვა მეთოდების გამოყენებას და ამ გზით მის გაუმჯობესებას.
ამის შედეგად, ჩინეთმა 2018 წელს მოახერხა, შეენარჩუნებინა თავისი რეიტინგი 78 პოზიციაზე, სინამდვილეში კი, ის შვიდი პოზიციით უნდა ყოფილიყო ჩამოქვეითებული.
გეორგიევა ბრალდებას უარყოფს.
მსოფლიო ბანკი სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთების რეიტინგს 2002 წლიდან ადგენს. ბიზნესის კეთების ხელსაყრელი პირობები ფასდებოდა ათ კატეგორიაში: საწარმოების რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის მოპოვება, ელექტროქსელებთან დაკავშირება, ქონების რეგისტრაცია, სესხების აღება, გადასახადების გადახდა და სხვა.