საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად გმობს ერთერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება არ ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან ამგვარი ქმედება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას, არღვევს დაზარალებულთა უფლებებს და ამავე დროს, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის და შინაარსის მასალის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და დაკავების მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში.