„გადაწყვეტილება ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით იყო მიღებული” – ლელა რაზიკაშვილი დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებაზე საუბრობს

“მთელი ეს პროცესი უამრავ ადამიანურ ტრაგედიას მოიცავდა, ეს ადამიანური ტრაგედიები რომ დასრულებულიყო, ადამიანური გადაწვეტილება იყო მისაღები. მინდა, კახა კალაძეს მადლობა გადავუხადო, როგორც ადამიანური გადაწყვეტილების მიმღებს”, – ამის შესახებ დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულმა, ამხანაგობა “ოლიმპიური ვარსკვლავის” დამფუძნებელმა წევრმა, ლელა რაზიკაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაზიკაშვილმა დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მუშაობა შეაფასა და თბილისი მერის, კახა კალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია.

„ვთვლი, რომ ესაა ეპოქის ფურცლის გადაშლა. ძალიან სიმბოლურია, რომ ყველაზე მასშტაბური მშენებლობები დაიწყო. ყველაზე მასშტაბური პრობლემა „ცენტრ პოინტის“ პრობლემა იყო. ამ პრობლემის მოგვარებით, თითქოს, დასრულდა დიდი ხნის ისტორია, რომელიც საქართველოს ისტორიას დეტალებში დაწერს. იყო სიტუაცია, როცა ხელისუფლებას ყველა პრობლემის მოგვარება შეეძლო, ეს 2008 -2009 -2010 წელს ეხება, მაგრამ არ იყო ნება. საერთოდ არაფერი გაკეთებულა ამ მხრივ. ეს პრობლემა მემკვიდრეობით შემდგომ ხელისუფლებას გადაეცა. მათ შეეძლოთ, ეთქვათ, რომ აღნიშნული, მათი შექმნილი პრობლემა არ იყო, სამართლებრივი შედეგებიც ძალიან ბევრ ობიექტზე იყო დამდგარი, მაგრამ ქალაქის ხელისუფლებამ, კალაძის უშუალო ჩართულებით, ილია ელოშვილის კომისიამ ეს როგორც გამოწვევა, ჩათვალა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ის, რაც ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით კომისიამ გააკეთა, წარმოუდგენელი სამუშაო იყო. განხილვა თითოეულ დეტალამდე, ხელშეკრულებამდე იყო დასული. არა მარტო სოლიდარობის კუთხით განიხილებოდა, რომ ქონების გარეშე არავინ დარჩენილიყო, არამედ ყოველი დაზარალებული განიხილებოდა, როგორც სამართლებრივი პრობლემის შემქმნელი. ამ კუთხით, კომისია შემოსული ინვესტორის ინტერესებსაც ითვალისწინებდა, რათა ინვესტორი დარტმის ქვეშ არ დამდგარიყო, რომელიმე დაზარალებულს რაიმე სამართლებრივი პრობლემა არ შეექმნა მისთვის. უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქის ხელისუფლების გვერდით დგომას იმ კუთხით, რომ ინვესტორს აქვს სურვილი, განახროციელოს პროექტი, მას აქვს სურვილი, მშვიდად დააბანდოს ფული და მშვიდად მიიღოს მოგება.

„ოლიმპიური ვარსკვლავი“ 1 წლის წინ დადგა იმ გზაზე, რომელზეც დღეს „ცენტრ პოინტი“ დადგა. ჩვენ ერთი ობიექტი გვქონდა, დანარჩენი ორი ობიექტი ისე ჩავაბარეთ, რომ სახელმწიფო არ შეგვიწუხებია. დღეს ეს ერთი ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს, შეფერხება არაა. ყველა პრობლემა მოგვარებულია, რისი მოეგვარებაც ხელისუფლებას შეეძლო.

კახა კალაძეს, როგორც ადამიანს, ილია ელოშვილს – როგორც ადამიანს, კომისიის წვერებს, როგორც ადამიანებს, მინდა, უზარმაზარი მადლობა გადავუხადო. პირველ ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება
ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით იყო მიღებული. მთელი პროცესი უამრავ ადამიანურ ტრაგედიას შეიცავდა. ეს ადამიანური ტრაგედიები რომ დასრულებულიყო, ადამიანური გადაწყვეტილება იყო მისაღები. მინდა, კალაძეს, როგორც ადამიანური გადაწყვეტილების მიმღებს, მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა რაზიკაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია.
თბილისის მერმა გუშინ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, არცერთი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიერ დაზარალდა, უბინაოდ არ დარჩება.
„ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში. თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთი კომპანიების თაობაზე, როგორიცაა – „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი.
ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება, თუმცა, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მასშტაბებით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ. „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი”. ამას ვამბობ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ საქმესაც მივიყვანთ ბოლომდე და ამ ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები