„ყველა ობიექტზე დეველოპერი შემოვიდა, 3-4 წლის თავზე ყველას თავისი ბინა გადაეცემა“ – „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული

„ყველა ობიექტზე დეველოპერი შემოვიდა, 3-4 წლის თავზე ყველას თავისი ბინა გადაეცემა“, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულმმარიამ ჩიმაკაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დეველოპერმა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე კორპუსების ჩაბარების ვალდებულება აიღო.

„დაზარალებიდან 20 წლის თავზე და მოლაპარაკებების დაწყებიდან 2 წლის თავზე შემიძლია, სიხარულით გამცნოთ, რომ ქალაქის მერიამ „ცენტრ პოინტის“ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. ყველა ობიექტზე დეველოპერი შემოვიდა. ეს ძალიან დიდი წვალებისა და გმირობის ფასად დამჯდარი ბედნიერებაა. მინდა, ყველას მივულოცო, პირველ ყოვლისა, ემიგრანტებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებლებს, რადგან დაზარალებულთა 70-80 % -ს ემიგრანტები შეადგენენ. ეს ნამდვილად მამულიშვილური, კეთილშობილური საქმეა, რომელსაც ბატონმა კახა კალაძემ მოჰკიდა ხელი. რატომღაც, ბევრი ოპოზიციური ძალის მხრიდან ეს საკითხი, თითქოსდა, საარჩევნო პიარს მიეწრა. ვისთვის როგორ, ვიღაცისთვის საარჩევნო პიარია, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი საქმეა გაკეთებული. დარჩენილია მხოლოდ ის, რომ სამშნებლო პროცესი დაიწყოს და 3-4 წლის თავზე ყველას თავისი ბინა გადაეცემა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ პატრონი გამოგვიჩნდა, ამ ქალაქს კარგი ხელმძღვანელი გამოუჩნდა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო არა მარტო ქალაქის მოწესრიგებაზე, არამედ – თბილისელებზე, ქართულ ოჯახებზე. ჯამურად, ყველა დეველოპერმა აიღო ვალდებულება, 2025 წლის პირველ იანვრამდე კორპუსები ჩაბარდეს და ჩვენი დაკარგული ქონება ჩაგვბარდეს“, – განაცხადა მარიამ ჩიმაკაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია.

თბილისის მერმა გუშინ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, არცერთი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიერ დაზარალდა, უბინაოდ არ დარჩება.

„ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში. თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთი კომპანიების თაობაზე, როგორიცაა – „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი.
ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება, თუმცა, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მასშტაბებით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ. „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი”. ამას ვამბობ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ საქმესაც მივიყვანთ ბოლომდე და ამ ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები