ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება

28 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Wizz Air-ი კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აღადგენს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, საქართველოში Wizz Air-ის ტოპმენეჯმენტის სამუშაო ვიზიტისას მიიღეს. კრაკოვი-ქუთაისი-კრაკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

,,ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – Wizz Air-ის ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღადგინოს. ამ ეტაპზე, Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. გვაქვს მოლოდინი, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებითაც აღადგენს ფრენებს”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

ევროპის უძველესი ქალაქი – კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 4 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავსა და კატოვიცეშია შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები