გიორგი კალანდარიშვილი: სერვისების განვითარების სააგენტო ცესკოს ამომრჩეველთა განახლებულ სიას ხვალ გადასცემს

14 სექტემბერი იყო ის ბოლო ვადა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ უფლებამოსილება, საარჩევნო კომისიიდან გამოეთხოვათ სია, რათა ჩვენ ერთობლივად უზრუნველვყოთ ამ სიის სრულყოფა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იყო ის ბოლო ვადა, როდესაც ასევე ამომრჩევლებს შეეძლოთ მიემართა საარჩევნო კომისიებისთვის, ასევე, სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, რათა მათ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გარკვეული ცვლილებები მოეხდინათ. ცესკოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამის საშუალებას კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს აძლევდა.

მისივე განცხადებით, ხვალ იგი შეხვდება სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას და მათ უკვე განახლებულ ამომრჩეველთა სიებს გადასცემენ.

„გვექნება შესაძლებლობა მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთხელ ვნახოთ, საბოლოო ჯამში, ვინ დარჩა ამ სიაში, ვგულისხმობ, გარდაცვლილი პირებიდან, რომელთა ამოღება მოხდა და რომელთა სახელები და გვარებიც ჩვენ ისევ შეგვხვდება სიაში. სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ასეთი პირები კვლავ იარსებებს და იარსებებს იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პირების სიებიდან ამოღებას. ეს არის ის, რომ გარდაცვალების ფაქტი უნდა იყოს დაფიქსირებული შესაბამის უწყებებში და თუ რეალურად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისა და არ დგინდება, რომ პირი ნამდვილად გარდაცვლილია, მისი ამოღება სიიდან ვერ მოხდება. შესაბამისად, ამ საკითხზე, რომელიც უკავშირდება გარდაცვლილ პირთა ყოფნას სიაში, ჩემი აზრით, მანიპულაციები არსებობს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით ცესკოს რამდენიმე არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები