შალვა პაპუაშვილი და თამარ ტალიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს შეხვდნენ
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძეს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს, რამდენად არის მზად განათლების სისტემა კოვიდპანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის დასაწყებად.
„ხვალ, 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება სასწავლო პროცესი მეორე კლასიდან და ზევით მოსწავლეებისთვის, პირველკლასელებისთვის კი 4 ოქტომბერს უკვე საკლასო ოთახებში ჩატარდება პირველი გაკვეთილები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თამარ ტალიაშვილის მოსაზრებით, მთავრობისა და სამინისტროს გადაწყვეტილება არის ოპტიმალური, პრაგმატული და ორიენტირებულია იმაზე, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი განათლების მაღალი ხარისხით და, ამავდროულად, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს სათანადოდ დაცული.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელსაც განათლების სისტემამ უზრუნველყო, რომ შეღავათიანი ინტერნეტპაკეტი მიიღოს ყველა მოსწავლემ, მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა 20 გიგაბაიტის მოცულობით.