„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ ეროვნული ბიბლიოთეკა დაჯილდოვდა

12 სექტემბერს ყოველწლიური პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში, მთაწმინდის პანთეონში შედგა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიით დაჯილდოების ცერემონია.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, ფონდის პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს დაჯილდოვდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, რომელმაც სამადლობელ სიტყვაში განაცხადა, რომ – ეს ჯილდო ამიერიდან ბიბლიოთეკის ყოველი წევრის საკუთრებაა და დამატებითი სტიმული იქნება, მეტი იმუშაონ საზოგადოების ინტერესებისათვის, განათლებასა და კითხვადობაზე მეტი ხელმისაწვდომობისათვის. აღნიშნა, რომ ილიას სახელობის ჯილდოს მიღება სიხარულის გარდა დიდი პასუხისმგებლობაცაა. ასევე, ახსენა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა ელექტორნული ენციკლოპედია და მათ მიერ შექმნილი სხვა საბიბლიოთეკო რესურსები, რითიც ილიას და მისი თანამოაზრეების მემკვიდრეობის უწყვეტობის შექმნას ცდილობენ.
პრემიის საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ილიას ღვაწლის და მისი იდეების მნიშვნელობის შესახებ დღევანდელობაში. ასევე, პოეტებმა ლია სტურუამ და ბაღათერ არაბულმა, მწერალმა და დრამატურგმა ნინო სადღობელაშვილმა და რეჟისორმა გიორგი სავანელმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს ეროვნული ბიბლიოთეკის დაჯილდოების გადაწყვეტილების შესახებ, ამ ორგანიზაციის დამსახურებებისა და მიღწევებიდან გამომდინარე.
წლევანდელ ლაურეატს, პრემიის საბჭოს წევრებსა და ფონდის დაფუძნებლებს ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მეღვინეობის კომპანია „შუმმა“, რომელიც მეორე წელია დაჯილდოების ღონისძიების პარტნიორია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის სფეროსა და მწერლობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ფონდის გულშემატკივრები. წელს პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ღონისძიებაზე ფართო აუდიტორიის დასწრება შეზღუდული იყო, თუმცა დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, დაჯილდოებისათვის თვალი ედევნებინათ ორგანიზაციის სოციალური ქსელების „ლაივ-სტრიმის“ საშუალებით.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, მომავალ წელს, ისევ 12 სექტემბერს, უკვე მეექვსედ გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები