კახა კალაძე სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში კრწანისის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში, ამჯერად, კრწანისის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრები აქვს მასაც და მაჟორიტორობის კანდიდატებსაც. თუმცა, არსებული პანდემიის გამო, ზედმეტ ხალხმრავლობას ერიდებიან. შესაბამისად, მსგავსი ვიდეოჩართვები და ამ ფორმატით მოსახლეობასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.
კახა კალაძემ უპასუხა ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას, რომელიც კერძო სახლებზე სამშენებლო ამნისტიის გამოცხადებას შეეხებოდა.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, საქართველოს პარლამენტმა „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი უკვე მიიღო. ამოქმედდა სპეციალური საიტი- ms.gov.ge, სადაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულ რეჟიმში შეძლებენ განცხადებების ატვირთვას.
„პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი. განცხადებების მიღება დაწყებულია და შესაძლებელია ამნისტიაში მოხვედრა. თუკი კონკრეტული შენობა-ნაგებობა მოთხოვნილ კრიტერიუმებში ჯდება, მაშინ ამნისტირებული იქნება და ექსპლუატაციაში მიიღება. ჩვენ შევქმენით სპეციალური საიტი და თქვენ არ დაგჭირდებათ სახლიდან გასვლა, მერიაში ან რაიონულ გამგეობაში მისვლა. საიტზე – ms.gov.ge თქვენ შეძლებთ წერილობით გაგზავნოთ თქვენი განცხადება და აღნიშნოთ, თუ რისი ამნისტირება გსურთ. ჩვენ კი წარმოებაში მივიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად, მოსახლეობის შეკითხვებს, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები