რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა COVID-19-თან ბრძოლის, თეთრი სახლის ახალი ზომები გააკრიტიკეს
რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა კორონავირუსთან ბრძოლის, თეთრი სახლის ახალი განკარგულება გააკრიტიკეს, რომელიც სახელმწიფო უწყებებში მომუშავე თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის.
კონგრესმენები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
როგორც წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკის კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ქეთი მაკმორის როჯერსმა თქვა, ”პრეზიდენტი ბაიდენი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიმართ ნდობის შესუსტებას აგრძელებს. ის იყენებს შიშს, კონტროლსა და ბრძანებას.
რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორ გრინი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცე მხარდამჭერი იყო და რომელიც წარმომადგენელთა პალატის დარბაზში ნიღბის ტარებაზე უარის თქმის გამო დააჯარიმეს, აცხადებს, რომ უკვე წარუდგინა კონგრესს კანონპროექტი, რომელიც „შეაჩერებს დისკრიმინაციულ მოთხოვნებს ვაქცინაციის მიმართ”.
კიდევ ერთი კონგრესმენი, დენ ბიშოპი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრია, აცხადებს, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა, სადაც გაწერილია, რომ აშშ-ში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა და 500 დოლარს შეადგენს, ხოლო განმეორებითი დარღვევა მოქალაქეს 3 ათასი დოლარი დაუჯდება.
ასევე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ან მალე მოაწერს განკარგულებებს აშშ-ის ადმინისტრაციაში მომუშავე ყველა თანამშრომლისა და სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ყველა პირისთვის.
გარდა ამისა, ქვეყნის ხელისუფლება ავალებს კომპანიებს, რომლებშიც 100-ზე მეტი თანამშრომელია, ჩაატარონ ვაქცინაცია ან ყოველკვირეული ტესტირება უზრუნველყონ.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ტოლერანტობა არავაქცინირებული ადამიანების მიმართ “მთავრდება”.