„როგორც ჩანს, დღეს სააკაშვილისათვის გახარიას კარტის გათამაშება სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება“ – გიორგი ცუცქირიძე
“როგორც ჩანს, დღეს სააკაშვილისათვის გახარიას კარტის გათამაშება სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
„დღეს მართველი პარტიის მორიგ ბრიფინგზე პირდაპირ ითქვა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.
მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეების აქტივობის ქრონიკა და გაკეთებული განცხადებები ამ სცენარის სრულ თანხვედრაშია, აბა, სხვა რით შეიძლება, აიხსნას სააკაშვილის ბოლოდროინდელი დითირამბები გახარიასადმი?
როგორც ჩანს, დღეს სააკაშვილისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება გახარიას კარტის გათამაშება, არამხოლოდ მისი სხვა ოპოზიციურ პარტიებზე მაღალი რეიტინგის გამო. მისთვის რევოლუციურ სცენარში, თუ ის მაინც წავა „ვა ბანკზე“ და აქ ჩამოსვლაზე ფსონი ექნება დადებული, „ლელოც“, „გირჩიც“ და გნებავთ ჯუნიორ და სინიორ ვაშაძეები გაჭრილი კარტებია. სად საფანჩატურეთად წოდებული ოპოზიცია და სად „ოცნების“ ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადება არჩევნების გაყალბებასა და არალეგიტიმურობაზე, განსაკუთრებით – საერთაშორისო რეზონანსისათვის!
მართალია, გიორგი გახარია ყოველნაირად ცდილობს, გაამართლოს მისი გადადგომის მოტივები, მაგრამ თუ მელია არის კრიმინალი, პოლიტიკურად რამდენად სწორი იყო გადადგომა მელიას აყვანის ოპერაციის ვადებზე ვერშეთანხმების გამო, კითხვებს უფრო ღიად ტოვებს, ვიდრე მყარ არგუმენტს წარმოადგენს.
მიმაჩნია, გახარიას პრობლემა ისაა, რომ შეიძლება, მას მართლა ეგონა, მელიას აყვანას საერთაშორისო დემარში მოჰყვებოდა, რა ფონზეც მაინც მოუწევდა გადადგომა უკვე დაზიანებული რენომეს და მომავალი პერსპექტივის გარეშე და ვფიქრობ, აქ დაუშვა შეცდომა. იმის მაგივრად, რომ თუნდაც მოგვიანებით ეღიარებინა ამ გადაწყვეტილების მცდარი ხასიათი, ის დღემდე ამ ნაბიჯის გამართლებაზეა გადასული.
დაპირისპირება „ოცნების“ ლიდერშიპთანაც, რომელიც დღემდე გრძელდება და უნდა ვაღიაროთ, არც თუ სასიამოვნო ფორმით, სათავეს აქედან იღებს. ახლა, თუ ამ დაპირისპირებას მეორე მხრიდანაც შევხედავთ, „ოცნების“ პოზიციაც გასაგებია. როდესაც ხარ ქვეყნის პირველი პირი და გუნდის ლიდერი, გადამწყვეტ მომენტში კი არ უნდა გაიწიო, როგორი წინააღმდეგობაც უნდა ყოფილიყო გუნდის შიგნით და მერე ამ ნაბიჯის გამართლებით იყო დაკავებული, არამედ პირიქით, შენს თავზე უნდა აიღო, ამის მერე სულ გადადგომაც რომ მოგიწიოს!
როდესაც აქცენტებს აკეთებენ მისი პოზიციის გასამართლებლად მელიას დაკავების გამო, პოლიტიკური პროცესების არასასურველი მიმართულებით განვითარებაზე, კიდევ საკითხავია, მელია მისი პრემიერობის რანგში რომ აეყვანათ, გახდებოდა თუ არა “პოლიტიკური პატიმარი” და გვექნებოდა, თუ არა მიშელის დოკუმენტი, რასაც შემდგომში მოჰყვა რურუას გამოშვებაც და რაც, „ოცნებისათვის“ მაღალი მორალური ჰაზარდის გამო, ელექტორალურად დამაზიანებელი იყო.
ის ნამდვილად არ იყო ცუდი პრემიერი, საკმაოდ მძიმე დროს მოუწია პრემიერმინისტრობა. მისი მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, მიუხედავად ეკონომიკის 6 -პროცენტიანი ვარდნისა, მძიმე „ლოქდაუნის“ გამო, დღევანდელი ორნიშნა ზრდის წინაპირობადაც შეგვიძლია, მივიჩნიოთ.
საბოლოოდ, ისტორია განსჯის, რამდენად გამართლებული იყო გახარიას გადადგომა, მაგრამ კიდევ უფრო დიდ და მიუტევებელ შეცდომას დაუშვებს, თუ 2 ოქტომბერს ჩაებმება „ნაცურ“ ფერხულში არჩევნების გაყალბებაზე, რაც უკვე ისედაც ცხადად იკითხება მათი განცხადებების პათოსიდან გამომდინარე და დესტაბილიზაციის ახალ ტალღაზე დაჯდება მთავრობის გადადგომისა და ვადამდელის მოთხოვნით.
ასეთ შეცდომებს კი ისტორია ნამდვილად არავის პატიობს, იმედია, ეს ადამიანური და რეპუტაციული რისკი მას გააზრებული აქვს“, – წერს ცუცქირიძე.