დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიას: დღეს რომ თავად საუბრობ სისტემის არასრულფასოვნებაზე და საკუთარ მმართველობის პერიოდს რომ ადარებ – ესაა უნამუსობის მწვერვალი
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას კომენტარებს ეხმიანება და მას პრემიერობას დროს დაშვებულ შეცდომებში ამხელს.
სახელმწიფოში მართლწესრიგის დამყარების უპირობო გარანტი – ქვეყნის პოლიციური სისტემაა. ამ თემას თამამად შემიძლია შევეხო, როგორც უახლოეს წარსულში შსს-ს პოლკოვნიკმა. ორი რამ უნდა უწყობდეს ხელს ამ საპატიო მისიის შესრულებას: 1) პოლიციელის მიერ, “პოლიციის შესახებ კანონისა” და მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში, ქვეყანაში მართლწესრიგის დამყარება და 2) საკუთარ კანონიერ მოქმედებებში – აბსოლუტური დარწმუნება, მათ შორის შიდა განაწესისა და საკუთარი სისტემის მხრიდან გვერდში დგომისა და დაცვის თვალსაზრისით.
როგორც კი, 2020-2021 წ.წ. აშშ-ში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს – ადგილობრივმა მედიამ ქვეყანაში მიზანმიმართული ანტიპოლიციური კამპანია გააჩაღა, როგორც კი საზოგადოებაში პოლიციელის მიმართ უნდობლობა გაჩნდა, როგორც კი პოლიციურმა სისტემამ საკუთარი თანამშრომლების უფლებების დაცვა ჯეროვნად ვერ განახორციელა – ამერიკის პოლიციის რიგები ათი ათასზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა, ხოლო ახალი კადრების მოზიდვის კუთხით, სისტემა დღესაც სერიოზულ პრობლემებს განიცდის.
ასე ხდება, და არა მხოლოდ ამერიკაში – ამ კუთხით საქართველოს უკანასკნელი სამი წლის ისტორია, უამრავ მსგავს მაგალითს გვაძლევს. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ყოყმანობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, და ამით კანონის აღმასრულებელი პოლიციელების რიგებში გაუგებრობის ელემენტი შემოაქვს.
როდესაც შსს-ს მინისტრი პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმს აგზავნის კანონის დასაცავად და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მას დაცინვის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხმყოფის ობიექტად გადააქცევს და მიატოვებს – და ამით, გაუგებრობასთან ერთად, დაუცველობის შეგრძნებას ბადებს საკუთარ თანამშრომლებში.
როდესაც ისეთ მგრძნობიარე თემაზე, როგორიც არის ჩვენი შვილების ჯანმრთელობის დაცვა და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლა – ჯერ იძლევი ბრძანებას ნარკობუნაგებში სპეცოპერაციის ჩატარებაზე, ხოლო მერე ნარკოდილერებს ბოდიშს უხდი მათთვის მიყენებული შეწუხებისთვის – და თანამშრომლებში როგორც მინიმუმ, პროფესიულ მოტივაციას აქვეითებ და სირცხვილის გრძნობას აღვივებ.
ხოლო, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების აღსაკვეთად, აბსოლუტურად კანონიერ ღონისძიებებს არასწორად გეგმავ და უამრავი ნებსით, თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომებით ახორციელებ, რითაც იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს აყენებ უხერხულ (რბილად რომ ვთქვათ) სიტუაციაში, ხოლო სამოქალაქო პირებსა და საკუთარ თანამშრომლებში ფიზიკურ დაზიანებებსა და დასახიჩრებას უყენებ – მმართველი მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმსა და სისტემის მხრიდან სრულ დაუცველობაში აქამდე გაჩენილ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებ.
მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად – დღეს რომ თავად საუბრობ სისტემის არასრულფასოვნებაზე და საკუთარ მმართველობის პერიოდს რომ ადარებ – ესაა უნამუსობის მწვერვალი. როდესაც შენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნაცების დროინდელ ციხეებში წამებაზე საუბრობს შეწუხებული სახით – ხოლო მეორე ლიდერად იმდროინდელ ციხეებში დანაშაულებრივი პრეცესიების საერთაშორისო დონეზე “გამპრავებელი” გყავს პოლიტსაბჭოში, ამას უკვე არც ვიცი რა დავარქვა.
არის ამ წუთისოფლის რაღაც “მორალურ კატეგორიებში” ისეთი მცნება – როგორიც არის მდუმარებასა შინა ყოფნა. როდესაც მდუმარე მდგომარეობაში, საკუთარ თავსაც იზღვევ, რათა მორიგ და უფრო მავნებლურ ცოდვაში არ ჩავარდე და შენს “ვიზავისაც” უტოვებ ბრძენი და ღრმა ადამიანის შთაბეჭდილებას. დარწმუნებული ვარ, მდუმარე და მხოლოდ თვალის პაჭუნის რეჟიმში – ეს პარტია უფრო მეტ მომხრეს თუ არა, რაღაც პატივისცემას მაინც შეინარჩუნებდა. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, პირის ყოველ გაღებაზე – შოკირებულებს გვტოვებენ.’’ წერს დავით ქართველიშვილი facebook – ზე.