“ერთია, რომ მთავრობამ სესხზე უარი თქვა და მეორე, მთავარი ამბავია ის, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანაზე უარს არ ამბობს”, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია ვრცელდება.
„დღეს ვსაუბრობთ ბოლო დღებში ერთერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, რომელიც ევროკავშირის მხრიდან 75 მილიონის საკითხს უკავშირდება და რომლის მიღებაზეც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა, ასევე, იმ პერიპეტიებსა და სპეკულაციებს, რომელიც ამასთანაა დაკავშირებული. ეს თემა კონკრეტულად ამ კუთხით მინდა, გავშალო. დავიწყოთ იქედან, რომ ეს არ არის გრანტი ან დახმარება, ეს არის გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხი. მაგრამ სესხი არის სესხი, სულ რომ უპროცენტო იყოს. რაც შეეხება კიდევ ერთ არასწორ ინტერპრეტაციას, რომელიც ამ საკითხს ეხება: ეს დაკავშირებულია არა კონკრეტულად ამ 75 მილიონის სასამართლო რეფორმასთან კავშირში ასახვაზე, არამედ, ზოგადად, ამ სესხის მიზნობრიობაზეც. ეს არის მიზნობრივი სესხი, რომელიც გამოიყო არამხოლოდ სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად. აქ, ძირითადად, 4 ბლოკია. სულ 150 მილიონი ევრო იყო გმაოყოფილი. უნდა განვიხილოთ, რა არის მთავარი და რისი არასწორი ინტერპრეტაციაც ხდება: აქ შედიოდა 4 ძირითადი ბლოკი, ანუ რეფორმების ნაწილი. ერთია საჯარო ფინანსების ნაწილი, მეორე – მმართველობითი ბლოკის ნაწილი, მესამე – სექტორალური რეფორმების ნაწილი და მეოთხეა შრომითი ბაზრის ნაწილი. ვგულისხმობთ საკანონმდებლო პაკეტების მომზადებას, ინიცირებასა და პარლამენტის მიერ მათ მიღებას. უფრო გასაგები რომ იყოს, სასამართლო რეფორმის ნაწილი შედის მეორე ბლოკში , რომელიც მმართველობის რეფორმაა. ამ 4 ბლოკიდან ევროკავშირს 3 ბლოკზე არანაირი პრეტენზია არ აქვს. საუბარია მეორე ბლოკის ქვებლოკზე.
რაც შეეხება თავად სასამართლო რეფორმას: აქაც ძალიან საინტერესო საკითხია, რაც გულისმხობდა რამდენიმე საკითხის ერთად მოგვარებას, საკანონმდებლო ინიცირებას. პირველ ყოვლისა, ეს იყო ვენეციის კომისიის დასკვვნასთან დაკავშირებული და კიდევ ის, რომ ძველი კანონმდებლობით მოსამართლეების არჩევა არ მომხდარიყო.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბრიუსელს არცთუ იშვიათად ჰქონია შენიშვნები და პოლემიკა თვით ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების მიმართაც კი.
პრობლემა ის კი არ არის, როდესაც მთავრობა სესხის მიღებაზე უარს ამბობს, მთავრობას უფლება აქვს, სესხზე უარი თქვას, თუ ის ჩათვლის, რომ ეს სესხი კონკრეტულ მომენტში არ სჭირდება. მთავარი საკითხი რა არის: მთავრობას უარს ამბობს თუ არა აღებულ ვალდებულებებზე? აქ ხაზგასმა მინდა, იყოს: ერთია, რომ მთავრობამ სესხზე თქვა უარი და მეორე, მთავარი ამბავია ის, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანაზე უარს არ ამბობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, მთავრობას უფლება ჰქონდა, დამატებით ვალი არ აეღო.
„მეორე საკითხი, რომელიც ფინასურ ვალდებულებებსა და სესხს ეხება: ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს უფლება წინასწარ შეთანხმებული სესხის გარკვეულ ტრანშზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ თვლის, რომ მიზნობრიობის ნაწილი, რომელზეც სესხი უნდა გამოყოფილიყო, ან ათვისებულია ან შესრულებული და დამატებით ამ სესხის აღება მას შეიძლება, არ დასჭირდეს, თუ ამის შესაძლებლობას ეკონომიკური პარამეტრები და ბიუჯეტის შესრულება იძლევა. რეალურად, დღეს ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, თითქმის მსოფლიოში, ეს არის 12,2 %. ზრდა ყველა მიმართულებითაა, პრაქტიკულად, ყველა იმ სექტორში, რომელიც ეკონომიკაში დატებულ ღირებულებას ქმნის. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ბიუჯეტის შემოსავლები ძალიანაა გაზრდილი. პირველ 7 თვეში 16 %-ითაა გაზრდილი. თუნდაც ბოლო თვეში შემოსავლების ნაწილში თანხები, ფაქტობრივად, მილიარდამდეა აკუმულირებული. ბიუჯეტი იმდენად კარგადაა შესრულებული, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი, მილიარდ ლარზე მეტი, მეწარმე სუბიექტ პირებს უკან დაუბრუნდათ.
კიდევ ერთ ფაქტს უნდა გავუსვა ხაზი: როცა გასულ წელს პანდემიის გამო ეკონომიკა ჩაიკეტა, ბუნებრივია, ბიუჯეტში ხარჯებიც გაიზარდა, შემოსავლები კი მკვეთრად შემცირდა, ანუ ბიუჯეტის დეფიციტი მივიღეთ, დაახლოებით, 62 %-მდე. ეს საკმაოდ მაღალი იყო. ამ დეფიციტის ტვირთი სახელმწიფო ვალით დაიფარა. წელს არათუ 62 %, არამედ ამ ტვირთის მაჩვენებელი 56 %-მდე დაიწევს. იმის თქმა მსურს, რომ მთლიან შიდა პროუდუქტთან მიმართებით ვალის შემცირების ტენდენცია მიდის. ეს უახლოეს 4-5 წელიწადში 45 %-ზე დავა. ესაა მიმართულება, რომელსაც დღეს მთავრობა ახორიელებს. ბუნებრივია, მას უფლება ჰქონდა, დამატებით ვალი არ აეღო.
ფინანსურ ნაწილში მთავრობას შეუძლია, ვალის აღებაზე უარი თქვას. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილს, რომელიც რეფორმებს ეხება: ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი ინიცირებულია. წერილიც მზადდება ბრიუსელში, რომ კონკრეტულად იყოს დაზუსტებული, აღებულ ვალდებულებებში რა არ შეასრულა ხელისუფლებამ.
ესაა რეალობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი სპეკულაციები, ძირითადად, პოლიტკური აქტორების მხრიდან. კეთდება მინიშნება, რომ ეს არის ხელისუფელბის რეპუტაციული რისკი, რომ ვალის არაღების გამო ინვესტორები ფულს ქართულ ეკონომიკაში აღარ ჩადებენ. ეს განცხადებები თითიდან გამოწოვილი და სპეკულაციურია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის, კოვიდპანდემიის მართვის დროს და, ზოგადად, ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება.
მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება დაახლოებით 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში ჯამში იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა სათანადოდ შეესრულებინა.
„ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამების პირობების ხელმოწერისას აიღო.
150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში, ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღებას უნდა მოხმარებოდა.
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი, პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო, სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, – განაცხადა ჟულიენ კრამპმა.