იოსებ არჩვაძე: ბიზნეს სექტორის წარმატება, მნიშვნელოვანწილად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობისათვის ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა

„ეკონომიკის საერთო მდგომარეობას, დიდწილად, სწორედ ბიზნეს-სექტორის მდგომარეობა განსაზღვრავს. ამ მხრივ, ბოლო თვეების მანძილზე სტატისტიკური მონაცემები მყარ, პოზიტიურ დინამიზმს აფიქსირებს. კერძოდ, ბიზნეს-სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 2021 წლის მეორე კვარტალში 35.0 მლრდ. ლარი შეადგინა და, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 56.7 პროცენტით მოიმატა. მთლიანმა გამოშვებამ, შესაბამისად, 43.4 პროცენტით მოიმატა და 13.2 მლრდ. ლარი შეადგინა. გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, აგრარული სექტორის გარდა,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ეკონომიკური პროცესების აქტივიზაციამ ხელი შეუწყო ისეთი მწვავე პრობლემის შემსუბუქებას, როგორიცაა სამუშაო ადგილების დეფიციტი.
ქვეყანაში ერთი წლის მანძილზე (2021 წლის მეორე კვარტალში 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით) ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილები თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა ( 27.9 ათასით, ანუ 4.4%-ით) და 659.7 ათასი შეადგინა. ამჟამად, ბიზნეს სექტორზე მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 54.3%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პუნქტით აღემატება (2020 წ. მეორე კვარტალში – 51.1%). 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა 18.2 პროცენტით (214.0 ლარით) გაიზარდა და 1,389.6 ლარი შეადგინა, რაც 1/3-ით და მეტად უსწრებს ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს.
როგორც იოსებ არჩვაძემ აღნიშნა, ბიზნეს-სექტორი გამოირჩევა არა მარტო ანაზღაურების მაღალი დონით ეკონომიკის დანარჩენ სექტორებთან შედარებით, არამედ – დაქირავებით დასაქმებულთა მაღალი წილითაც. მისი თქმით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 94.5 პროცენტი დაქირავებულებია – მაშინ, როდესაც ეროვნულ მეურნეობაში მხოლოდ 68.5 პროცენტი, ხოლო ეკონომიკის დანარჩენ დარგებში კიდევ უფრო ნაკლები – 37.2 პროცენტია, დანარჩენები თვითდასაქმებულები არიან.
„ბიზნეს სექტორის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს-სუბიექტების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, მათთვის ლიკვიდობის მართვის გაუმჯობესების, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობისათვის ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, ქვეყნის წინაშე სერიოზულ მაკროეკონომიკურ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ინფლაციის მაღალი დონე. 2021 წლის აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, რაც აგვისტოს თვისთვის ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (2008 წლის აგვისტოში ასევე დაფიქსირდა 12.8%-იანი ინფლაცია, ხოლო 2006 წლის აგვისტოში ინფლაციამ 13.4% შეადგინა). მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის აღმავალი ხასიათი, იმპორტჩანაცვლების პოლიტიკის გააქტიურება, აგრეთვე, ეროვნული ბანკის მონეტარული განაკვეთი ქმნიან იმის წინაპირობას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი თანდათან შემცირდეს და ეტაპობრივად დაუბრუნდეს საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები