„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ ზემო თხილნარის საჯარო სკოლას უმასპინძლა

“ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაფუძნებულმა ეკო აკადემიამ, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის,ზემო თხილნარის საჯარო სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას “ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია” ავრცელებს. 

მათი ცნობით, ეკო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა , მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ძირითადი საკითხები მიმოიხილა და აგრეთვე, მოწვეულ სტუმრებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ეკო კლუბის წევრებს, აკადემიის მენტორებმა, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი საკითხების, სპეციფიკური ნარჩენების შემცირება, გადამუშავებისა და მართვის, ეკოლოგიური პრობლემების, ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
„გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს აკადემიას, თბილისის გარდა, სხვა რეგიონის წარმომადგენლებიც სტუმრობენ და დიდ ინტერესს იჩენენ გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. აღნიშნული თემატური შეხვედრები მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა შეხვედრაზე ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა.

ზემო თხილნარის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარიამ ბერიძემ, ეკო აკადემიის წარმომადგენლებს საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ სკოლასა და ეკო აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ეკო აკადემიის მენტორები საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან თემატურ ლექციებს ინტენსიურად მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები