ავღანელი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ – ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე მეტასტაზირებულია, თუმცა აშშ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ავღანეთში სახმელეთო ომის გაგრძელების გარეშე გააგრძელებს.
„ამ ომის დასრულების დრო იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას დიპლომატიითა და ჩართულობით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
ჯო ბაიდენის თქმით, ის უარს ამბობს ომის გაგრძელებაზე, რომელიც ამერიკელი ხალხის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა.
30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ განაცხადა, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ არიან ამერიკელები, რომელთა გამოყვანას აშშ ცდილობს.
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ბეჯითად იმუშავებს იმისთვის, რომ დარჩენილი ამერიკელი მოქალაქეები გამოვიყვანოთ. იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ჩარჩნენ, რამდენიმე ასეულია. მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხალხის გამოყვანას“, – აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.