ნათია თურნავა: საქართველოს წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ექნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ექნება და მთავრობა ორნიშნულიან ზრდას ვარაუდობს.
“დაჯამებულად, 7 თვის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12,2%-ით წინა წელთან შედარებით. რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, თითქმის 6%-ით არის გაზრდილი 2019 წლის 7 თვესთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავინდებურად, ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას.
დარგობრივად რომ შევხედოთ, თითქმის ყველა დარგში არის პოზიტიური დინამიკა. განსაკუთრებით, ზრდის ტემპით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე, სასტუმროები და რესტორნები – განთავსების და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია და ვაჭრობა. ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ადგილობრივი ექსპორტი. ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია თითქმის 50%-ით. ეს არის დაკავშირებული, ერთი მხრივ, იმასთან, რომ მომავლის იმედი და სტაბილურობის განცდა გაუჩნდა ბიზნესებს“, – განაცხადა თურნავამ.