„ყირიმის პლატფორმა“ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ

2020 წლის სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის ჩატარების ინიციატივა გააჟღერა. ახლა „ყირიმის პლატფორმა“ ოფიციალურად დაფუძნდა და მისი მიზანი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოქცევაა.

„ყირიმის პლატფორმას“  სამიტის ფორმატი აქვს და მასში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვას, სლოვენიისა და ფინეთის პრეზიდენტები, რუმინეთის, ხორვატიის, შვედეთის სამეფოს პრემიერმინისტრები, შვეიცარიისა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეები, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობენ. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინასთან ერთად ევროპის ნაწილი უნდა გახდეს.

სამიტს საქართველოს მხრიდან პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.  ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ 13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა.

ღონისძიებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  – შარლ მიშელი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინაა. „დამოუკიდებლობა ნიშნავს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მე აქ ვარ, რათა დავადასტურო ევროკავშირის ურყევი პოზიცია – ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიას. ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკის გატარებას და მტკიცედ დავდგებით საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ”, – განაცხადა მიშელმა.

სამიტის ფარგლებში, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ყირიმელი თათრების დისკრიმინაცია, შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვა და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია განიხილეს.  ყირიმის პლატფორმის სამიტზე დეკლარაციაც შეიმუშავეს, რომელიც მომდევნო აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ყირიმის  ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა ნახევარკუნძულზე მულტიფუნქციური სამხედრო ინფრასტრუქტურა განათავსა და ადგილზე 32,700 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა. რუსეთის ფედერაცია უკრაინას მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამ დროს კი, თვითონ სეპარატისტებს ეხმარება. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე რუსულმა აგრესიამ, დაახლოებით, 13 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.  პუტინის რეჟიმი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას უკანონოდ აგრძელებს და რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ყირიმის პლატფორმის დაფუძნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ერთიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები