მოახლოებული რთველის თემაზე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ შეხვედრები გამართა
რთველი 2021-ის დროს მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველმა ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე განიხილეს.
,,გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს. სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რთველის 2021-ს დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი.
ყურადღება გამახვილდა რთველის პროცესში იმ რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც, რაც პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემუშავდა.
რთველის დაწყებამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.