სოსო არჩვაძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ბოლო ორი თვის მანძილზე რეკორდულ დონეს აღწევს, რაც წინა წლის ივლისის მაჩვენებელს 48.5 პროცენტით, 2019 წლის ივლისის მაჩვენებელს 52.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის ივნისის მაჩვენებელს 11.1 პროცენტით აღემატება

“საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიური ზრდა სრულად წარმოაჩენს იმ პოზიტიურ პროცესებს, რაც ეროვნულ ეკონომიკაში, მათ შორის, რეალურ სექტორში ყალიბდება.

განსაკუთრებით, აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რომლის მოცულობაც ბოლო ორი თვის მანძილზე რეკორდულ დონეს აღწევს და 2021 წლის ივლისში 285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ივლისის მაჩვენებელს 48.5 პროცენტით, 2019 წლის ივლისის მაჩვენებელს – 52.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის ივნისის, რომელიც თავად იყო რეკორდული მაჩვენებელი – 11.1 პროცენტით აღემატება”, – აცხადებს ექსპერტი, სოსო არჩვაძე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.

ექსპერტის ვარაუდით, ექსპორტის ზრდა არ არის სეზონური ფაქტორებით გამოწვეული, არამედ იგი სისტემური ხასიათის არის.

,,აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის ზრდა არ არის კონიუნქტურული ან სეზონური ფაქტორებით გამოწვეული. – იგი ობიექტური და სისტემური ხასიათისაა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ წლის დასაწყისიდან განვლილ შვიდ თვეში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.7 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწია (პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით – 28.1%-ით). ადგილობრივი ექსპორტის მზარდ ექსპანსიაზე საერთაშორისო ბაზრებზე, კონკურენტუნარიანობის ზრდაზე მეტყველებს ისიც, რომ მისი ზრდის ტემპი ასევე საგრძნობლად აღემატება ეროვნული ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მაღალ და დამაიმედებელ ტემპებს. ექსპორტის ზრდაში მართალია, დომინირებს ადგილობრივი ექსპორტი 73.1-პროცენტიანი წილით, თუმცა, ამავე დროს, სწრაფად იზრდება რეექსპორტიც, რომლის მოცულობაც 2021 წლის ივლისში ასევე გაიზარდა 28.2 პროცენტით, ხოლო წლის დასაწყისიდან წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 20.5 პროცენტით. განსაკუთრებით ყურადსაღებია პროცესები, რომლებიც ყალიბდება ჩვენი ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან – თურქეთთან, ჩინეთთან და რუსეთთან – ადგილობრივი ექსპორტის ხაზით. ამ ქვეყნებთან ბოლო პერიოდში გამოიკვეთა შემდეგი საგულისხმო ტენდენციები: ა) როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის საკმაოდ მაღალი ტემპები (2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივმა ექსპორტმა ამ ქვეყნებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან მოიმატა: თურქეთთან – 71.%-ით, ჩინეთთან – 47%-ით, რუსეთთან – 42%-ით); ბ) აღნიშნული ქვეყნების მზარდი წილი საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში – 2021 წლის იანვარ-ივლისში მან ადგილობრივი ექსპორტის თითქმის ნახევარი (49.7%) შეადგინა – 4.4 პუნქტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; გ) ამ ქვეყნებთან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის გაცილებით მაღალი წილი საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის წილთან შედარებით მთლიან ექსპორტში (შესაბამისად, 93.6% და 73.5%). აღნიშნული ტენდენციები ემსახურებიან საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას. ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 2.9 პუნქტით, რაც იმპორტის ამჟამინდელი მოცულობის პირობებში მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მანძილზე ქვეყნიდან დაახლოებით 150 მლნ. აშშ დოლარით ნაკლების გადინების ეკვივალენტურია”, – წერს სოსო არჩვაძე “facebook” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები