გიორგი გახარია: ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა – სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ ჩვენი ბავშვებისა და ჩვენი მომავალი თაობისათვის

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს ახალი ოფისი ლანჩხუთში გახსნა.

„მივაღწევთ რამეს – შემდგომ ამას ისევ ვანგრევთ, მერე თავიდან ვიწყებთ შენებას – ჩვენთვის მთავარი ეს დავასრულოთ და ამისთვის გვჭირდება კარგი, კეთილსინდისიერი ახალგაზრდებიც და გამოცდილი პროფესიონალებიც. არავინ არ ვლანძღოთ, არავის არ ვეჩხუბოთ, არავის არ ვეომოთ -უბრალოდ ვიშრომოთ, ლანჩხუთის, გურიის და ამ ქვეყნის – ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის – ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.” – მიმართა გიორგი გახარიამ შეკრებილ მხარდამჭერებს.

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა ქართულ ოცნებაში დარჩენილ მეგობრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ერთად ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს, თუმცა ბოლო წლების მანძილზე ქვეყანა ერთ ადგილზე იდგა და ეს გახარიას გუნდისთვის მიუღებელი იყო -ამჟამად კი ოცნების ხელმძღვანელობიდან წამოსული ტენდენციები არათუ ერთ ადგილზე ტოვებს, არამედ უკან ხევს და წარსულში დაბრუნების საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

„ოცნებაში ბევრი ჩემი მეგობარია დარჩენილი, ღირსეული ადამიანები – ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრიც – ვერ მოვასწარი, მაგრამ ერთ ადგილზე დგომა იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა – ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო. ახლა უკვე ისე მიდის სიტუაცია და ზოგიერთი ისე იქცევა, რომ, სამწუხაროდ, ჩემდა გულგასატეხად – უკვე წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ! ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდად, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად – არჩევნების გზით – ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ჩვენ შეგვეფერება.”-განაცხადა გახარიამ

„უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ყველაზე ცუდი რაც არის – სამართლიანობის შეგრძნება იკარგება ქვეყანაში და ეს უნდა აღვადგინოთ”, – ამბობს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი. თუმცა, გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მათი პარტიის და მხარდამჭერების მოქმედებები ყოველთვის უნდა იყოს მშვიდი და ღირსეული „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მოქმედებების მიუხედავად.
„არ აქვს არანაიარი მნიშვნელობა, ჩვენ როგორ მოგვექცევიან – მთავარია ჩვენ ჩვენი ღირსება არ დავკარგოთ და ღირსებით, კეთილსინდისიერი პროფესიონალებით, ახალგაზრდებით ჯერ დავიწყოთ ლანჩხუთში უფრო სწრაფი განვითარება და მშენებლობა და ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ამ ქვეყანას. ძლიერი რეგიონის გარეშე ძლიერი ქვეყანა არ არსებობს – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს მიმართა, რომ მათი პასუხისმგებლობა მოსახლეობისთვის პარტიის პროგრამული ხედვების, ღირებულებების, გეგმების, მიზნების გაცნობაა – მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ ვის მისცენ ხმა და როგორი მომავალი სურთ საკუთარი თავისა და საკუთარი ქვეყნისათვის.
„უნდა დაველაპარაკოთ ჩვენს ლანჩხუთელებს, იმისთვის, რომ ავუხსნათ რა არის ჩვენი მიზანი. ხოლო ვის მისცემენ ხმას – მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ხალხს ავუხსნათ ჩვენი გეგმა რა არის, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, რომ ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა. და სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ჩვენი ბავშვების და ჩვენი მომავალი თაობისათვის”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები