გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, კერძოდ, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, ვირუსი 8324 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით 4400-ით მეტია.
უკანასკნელად, გერმანიაში 8 ათასზე მეტი დაინფიცირებული 21 მაისს გამოვლინდა. რობერტ კოხის ინსტიტუტი ასევე აფიქსირებს შვიდდღიანი მაჩვენებლის ზრდას: 18 აგვისტოს ასი ათას მოსახლეზე 40.8-ს მიაღწია. ერთი დღით ადრე, ეს იყო 37.4, ხოლო ერთი კვირით ადრე – 25.1.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ბოლო ერთ დღეში ვირუსს 22 პაციენტი შეეწირა. ერთი კვირით ადრე იყო 14, თუმცა, ივლისის დასაწყისიდან ლეტალობის მაჩვენებელი შედარებით დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს და საშუალოდ დღიურად 40 გარდაცვალებას არ აღემატება.
რაც შეეხება გერმანიაში ვაქცინაციის პროგრამას, პრეპარატის ერთი დოზა აქვს მიღებული მოსახლეობის 63,3%-ს, მთლიანად აცრილია 57,5%.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ვირუსით 3 835 375 პირი დაინფიცირდა, 91 921 კი გარდაცვლილია.