ეკატერინე ტიკარაძე: საწოლფონდთან მიმართებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია, დღემდე არცერთ პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა
“1 500 პაციენტზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი გადის რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საწოლფონდი პაციენტებით სრულად დატვირთულია. მისივე თქმით, დღემდე არცერთ პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა.
„საწოლფონდთან მიმართებით მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღემდე არცერთ პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე, 3 500-მდე ადამიანი არის სასტუმრო სექტორში, ხოლო დანარჩენი გადიან მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან 1 500 პაციენტზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი გადის რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.