ანგელა მერკელმა ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს უკიდურესად დრამატული და შემზარავი უწოდა
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს უკიდურესად დრამატული და შემზარავი უწოდა.
„ეს მოვლენების საშინელი განვითარებააა მილიონობით ავღანელისთვის, რომლებსაც უფრო ლიბერალური საზოგადოება სურთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ და სადაზვერვო სამსახურებმა ავღანეთში სიტუაცია არასწორად შეაფასეს.
ცნობისთთვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.