გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება, მათ შორის ქალების სრული, თანაბარი და მნიშვნელოვანი მონაწილეობით

ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება, მათ შორის ქალების სრული, თანაბარი და მნიშვნელოვანი მონაწილეობით, – ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოს მოწოდებაში.

გაეროს უშიშროების საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თალიბანმა“ და რომელიმე სხვა ჯგუფმა ავღანეთში მხარი არ უნდა დაუჭიროს ტერორისტებს, რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედებენ.

გაეროს უშიშროების საბჭოში ასევე აცხადებენ, რომ ავღანეთში კონფლიქტის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტის გზით არის შესაძლებელი.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები