ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციის ინერტულობაზე ორი ვერსია მაქვს – ან ვერ ჩამოყალიბდა, ან წინასწარ შეეგუა წაგებას

ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

ძაბირაძემ ინტერვიუში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საკითხზეც ისაუბრა.

“ოპოზიციის ინერტულობაზე ორი ვერსია მაქვს: ან ვერ ჩამოყალიბდა ან წინასწარ შეეგუა წაგებას. ამბობენ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია მომავალი კვირიდან დაიწყება. აქამდე რას უყურებდნენ? ჩემი აზრით, ძალიან აგვიანებენ.

მე ახლა ზესტაფონში ვარ. აქ არავინ ლაპარაკობს არჩევნებზე. ხალხი პანდემიასა და ვაქცინაციაზე შეთქმულების თეორიებს ინტერესით განიხილავს. კაციშვილს არ ახსოვს არჩევნები.

ხელისუფლებას უდიდესი ფორა აქვს – ვერტიკალი აწყობილი აქვს, სახელისუფლებო სტრუქტურებს იყენებს (კანონიერად თუ უკანონოდ, სხვა საქმეა), შეხვედრებს­ ატარ­ებს, დაპირებებს გასცემს და ამ დროს ოპოზიცია რას აკეთებს? ერთადერთი მესიჯი იყო ასეთი: ეს ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, რეფერენდუმია და ხმა იმიტომ კი არ უნდა მოგვცეთ, რომ ეკონომიკას განვავითარებთ ან სხვა რამეში წინსვლა გვექნება, არა, ხმა იმიტომ უნდა მოგვცეთ, რომ 43% ვერ აიღოს “ოცნებამ” და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნებიო.

სამი თუ ოთხი ორგანიზაციის კვლევა გამოქვეყნდა, თავის მხრივ, “ოცნებამ” გამოაქვეყნა შიდა კვლევის შედეგები. მე არასდროს ვაკეთებ აქცენტს, ემთხვევა თუ არა ციფრები ერთმანეთს, რაც მთავარია, ტენდენცია ყველგან ერთნაირია. არის ერთი საინტერესო მომენტი – თბილისში, ძირითადად, ორი კანდიდატი განიხილება და ჩანს, დიდი ალბათობით, არჩევნები პირველივე ტურში “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაზე ოპოზიციის განწყობა მეტყველებს.
ოპოზიციონერი ლიდერები თითქოს მოდუნებულ-მოთენთილი არიან, აღარაფრის ხალისი აღარ აქვთ. გავბედავ და ვიტყვი­ – ნიკა მელია წინასწარ წაგებულ თამაშს თამაშობს. მერობის კანდიდატად კენჭისყრა აშკარად არ არის მისი გადაწყვეტილება. ვეჭვობ, სააკაშვილს პარტიაში გამარჯვებული ლიდერები არ სჭირდება. გახსოვთ, პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე რომ დაასახელა? ახლა ნიკა მელიას მერობის კანდიდატის ბრძოლისთვის აცდენს. თუ “ნაცმოძრაობას” მართლა სურს სერიოზული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, მელიას, რომელიც მხოლოდ “ნაცმოძრაობაში” კი არა, მთელს ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, თბილისზე არ მიაბამდა. ეს პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილებაა და ამასთან, გაუმართლებელიც, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა ზრახვები არ იმალება. მეც ვფიქრობ, სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა, მაგრამ გადაჭარბებად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა მან სააკაშვილზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს. – როდესაც პირველი პირი ხდება, ისეთი­ ტიპის ადამიანი, როგორიც სააკაშვილია, მეორე, მესამე და მეოთხე პირი არ არსებობს, არის მეთერთმეტე და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, ვინ იყო “ნაცმოძრაობის” დროს ქვეყანაში მეორე კაცი? მერაბიშვილი, რომელსაც ასი წელი არ ექნებოდა პრეტენზია პრეზიდენტობაზე­. ისეთი მეორე კაცი რომ არ იყო ქვეყანაში,­ რომელიც შეიძლებოდა ლიდერი გამხდარიყო, იმიტომ არის დღემდე “ნაცმოძრაობის” შეუცვლელი ლიდერი სააკაშვილი.
სააკაშვილი არ დაუშვებს თავისი­ ლიდერობისთვის საფრთხის შექმნას­. ასეთივეა ივანიშვილი, ასეთივე იყო შევარდნაძე. ამ ტიპის ლიდერები სხვა ლიდერებს ახლოს ვერ იტანენ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” ლიდერებს, მაგალითად თალაკვაძე-კობახიძეს – წინასაარჩევნოდ მათი წინ წამოწევა მომგებიანი არ არის. თალა­კვაძის რა მოგახსენოთ, მაგრამ კობახიძეს­ სხვა ფუნქცია აქვს გუნდში. ის წინა ხაზზე მაშინ გამოჰყავთ, როდესაც ოპოზიციის გამოწვევა და გაღიზიანება სურთ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას – მათი შიში განპირობებული იყო გახარიას ფაქტორით. როდესაც 43%-იანი დათქმა გააკეთეს, მაშინ გახარია მათი გუნდის ლიდერი იყო. მისმა წასვლამ, შემდეგ პარტიის შექმნამ და რეიტინგმა მმართველი­ გუნდის ლიდერები დააფიქრა. შესაბამისად, თავი დაიზღვიეს. არჩევნებში რომ მართლა ვერ აეღოთ 43% და მაშინ ეთქვათ, გამოვდივართ შეთანხმებიდანო, ეს უკვე ნამდვილად იქნებოდა მათი გუნდის დასასრული.

“ოცნებამ” თავიც დაიზღვია და ოპოზიციაც მშრალზე დატოვა. რას ვგულისხმობ? ოპოზიციის ერთადერთი საარჩევნო სასაუბრო თემა იყო ვადამდელი არჩევნები. ახლა ოპოზიციას ისღა დარჩა სალაპარაკო, “ოცნებას” მაინც ვაიძულებთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ამაში დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიანო.

გასაგებია, რომ მმართველი გუნდი დასა­ვლეთმა მკვეთრად გააკრიტიკა, მაგრამ ქართველი ხალხი უკვე კარგად ხვდება, რომ დასავლელი პარტნიორები კრიტიკის იქით არაფერზე არ არიან წამსვლელი. შეიძლება­ ითქვას, დღეს ოპოზიციას ნიადაგი აქვს გამოცლილი. სხვათა შორის, არა მგონია, “ნაცმოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” გარდა, რიგგარეშე არჩევნები ვინმეს აწყობდეს. “ლელო”, “სტრატეგია აღმაშე­ნებელი” და “მოქალაქეები” უკვე ხვდებიან, რომ განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში შეიძლება ვეღარც მოხვდნენ პარლამენტში. “ნაციონალებს” სულ არ აწყობთ არჩევნები, რევოლუციაზე უჭირავთ­ თვალი, “ევროპულ საქართველოს” კი დასაკარგი არაფერი აქვს, გუნდში დღეს დარჩენილი ლიდერებიდან არც ერთი არ არის პარლამენტში.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას პარტიას, მე თუ მკითხავთ, ხოშტარიამ “ნაცმოძრაობაში” შემოვლითი გზით დაბრუნება­ გადაწყვიტა. “ევროპული საქართველო” ჩაიძირა. იქ არანაირი პერსპექტივა აღარ არის და წამოვიდა. სად უნდა წასულიყო? პირდაპირ “ნაცმოძრაობაში” დაბრუნება მხარდამჭერების თვალში ცუდად გამოჩნდებოდა. ამიტომ გააკეთა პარტია და ახლა ბლოკს გააკეთებს. პარტიაში იქნება ელენე ხოშტარია და არავინ სხვა……მისი პარტია, ალბათ, 1%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს, თუმცა, ბლოკში რაღაც შედეგს მიიღებს. ოპოზიციის საერთო ჯამში ერთი კი არა, ნახევარი პროცენტიც ხეირია.
ხოშტარიას პარტიას, ისევე როგორც სხვა პატარა პარტიებს, არანაირი პერსპექტივა არა აქვთ”, – აცხადებს ძაბირაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები