პენტაგონი: ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ტემპით, რომლითაც „თალიბანი“ ავღანეთის პროვინციების დედაქალაქებს იპყრობს

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ტემპით, რომლითაც „თალიბანი“ ავღანეთის პროვინციების დედაქალაქებს იპყრობს, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

„არ ვაპირებ მოულოდნელობაზე საუბარს. მოვლენებს თვალს რეალურ დროში ვადევნებთ. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ფაქტობრივად, უსაფრთხოების გაუარესებული პირობები ის ფაქტორია, რის გამოც, პრეზიდენტმა ეს მისია დაამტკიცა. ეს არის მომენტი, როდესაც ავღანელები, ქვეყნის ხელმძღვანელობა და სამხედროები უნდა გაერთიანდნენ“, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით, აშშ-მა ავღანეთში დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო.

12 აგვისტოს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით, აშშ ავღანეთში 3 ათასამდე სამხედროს გააგზავნის. რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 18 პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები