გაეროს გენერალური მდივანი ავღანეთში შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულია
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ავღანეთში შექმნილი სიტუაციით ღრმად შეშფოთებულია. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია ავღანეთში მოვლენების განვითარებით, მათ შორის ჰერათსა და ყანდაარში ბოლო ბრძოლებით. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ საბრძოლო მოქმედებები ქალაქის უბნებში მიმდინარეობს, რაც სამოქალაქო მოსახლეობისთვის პოტენციურად ზიანის მომტანია“, – აღნიშნა სტეფან დიუჟარიკმა.
ბოლო მონაცემებით, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ყანდაარი და ჰერათი აიღო.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს. დაახლოებით 400 000 ავღანელს იძულებით გადაადგილება მოუწია ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე გაიზარდა ირანში გაქცეული ადამიანების რიცხვი.