AstraZeneca-ს შემქმნელი: კორონავირუსისგან კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბება შეუძლებელია

Oxford Vaccine Group-ის ხელმძღვანელი, რომელიც კომპანია AstraZeneca-სთან თანამშრომლობს, პროფესორი ენდრიუ პოლარდი ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბება შეუძლებელია “დელტა” შტამის პირობებში.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

პოლარდი ბრიტანელ დეპუტატებს შეხვდა და თქვა – ის ფაქტი, რომ ვაქცინებმა ვირუსის გავრცელება ვერ შეაჩერეს, ნიშნავს იმას, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა “მითურია”.

“პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის წითელას ვირუსი. თუ წითელას დროს მოსახლეობის 95% აცრილია, ვირუსი ვეღარ ვრცელდება. “დელტა” შტამი დააინფიცირებს მათ, ვინც არის ვაქცინირებული და ჩვენ არაფერი გვაქვს ვირუსის გადაცემის შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური ვაქცინები, რომლებიც “კოვიდისგან” გამოწვეული სიკვდილისგან იცავენ, მაგრამ ისინი მთლიანად ინფიცირებისგან ადამიანს ვერ იცავენ”, – თქვა პროფესორმა.

The Guardian წერს, რომ ლონდონის კოლეჯის მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის მიხედვით, 18-დან 64 წლამდე სრულად აცრილ ადამიანებს ინფიცირების 49% -ით ნაკლები რისკი აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულებს. შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ სრულად აცრილ ადამიანებს დაახლოებით, სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ კვლავ დაუდასტურდეთ ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შედეგად (3.84% აცრილის შემთხვევაში – 7.23%-მდე აუცრელებში).

თუმცა, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავადმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა მომდევნო თვიდან მოწყვლადი ჯგუფებისთვის მესამე დოზის შეთავაზებას იწყებს.

პროფესორი პოლადს ეჭვი ეპარება ბუსტერ დოზების აუცილებლობაში.

მისი თქმით, მაშინაც კი, თუ ვაქცინაციით გამოწვეული ანტისხეულების დონე შემცირდება, “ჩვენი იმუნური სისტემა სავარაუდოდ, დაიმახსოვრებს ვაქცინაციას ათწლეულების განმავლობაში და უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას ვირუსის ზემოქმედების შემთხვევაში. ასე რომ, ახლა პანიკის საფუძველი არ არსებობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები