გია ხუხაშვილი: დღეს ჩვენ ვართ საქართველოს მომავლის განსაზღვრის აქტიურ ფაზაში, ჩვენი არჩევანი კი ასეთია – დასავლეთი ან რუსეთი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

როგორც ექსპერტი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, ქართველი ხალხი საქართველოს მომავლის განხილვის ფაზაშია, არჩევანი კი დასავლეთია ან რუსეთი.

“ამ დღეებში გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატის თარიღთან დაკავშირებით, გვეპატიჟებიან, მოდით, ისევ ერთად ვიყოთო. ეს არ არის უბრალო განცხადება. ჩემი აზრით, ეს არის მუქარანარევი წინადადება მას შემდეგ, რაც დაინახეს ჩვენი სისუსტეები ამ ულტრაკონსერვატიული ძალების გააქტიურების შემდგომ. ეს ძალები ხომ მათ ხელში ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ჩვენს ქვეყანაში პროპაგანდას სწორედ ამგვარი რადიკალური იდეების ხარჯზე აწარმოებენ. სამწუხაროდ, ამ ტალღის ძალიან აგრესიული გამოხატულება ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი, ყველაფერს იყენებს ამის მისაღწევად და ამით, ფაქტობრივად, რუსეთის საქმეს აკეთებს. მუშაობს იმ სივრცეში და იმგვარი ტექნოლოგიებით, რაც საბოლოოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ამას კრემლში მშვენივრად ხვდებიან და მოქმედებას იწყებენ. რუსეთი ბუნებრივი მოკავშირე გამოდის “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც რიტორიკით პროდასავლურია, მაგრამ საქმით – პრორუსული.

სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვიდა. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ ჩვენი სხვა სისუსტეების გამოყენება-გააქტიურებასაც შეეცდება. ეს მოხდება პროვოკაციებით კომპაქტურად ჩასახლებული ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით, ერთმორწმუნეობის თემის თუ სასაზღვრო საკითხების გააქტიურებითა თუ კიდევ სხვა პრობლემების გენერაციით. მოკლედ, რუსეთის მავნებლურ მოქმედებას არაერთი მიმართულებით ველი. სამწუხაროდ, კრემლს ხელთ ბევრი ინსტრუმენტი აქვს. შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლება ისეთ ვითარებაში ჩააყენონ, როგორიც ერეკლე მეფეს შეუქმნეს. ფაქტობრივად, რუსეთს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ საქართველოს აიძულოს ტრაქტატი-2-ის დადება – ანუ ჯერ უამრავი პრობლემა შეგვიქმნას და მერე მოგვარება შემოგვთავაზოს. ასეთ ვითარებაში დასავლეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რაზეც ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ხელისუფლება ლამის უარს ამბობს. დღეს ჩვენ ვართ საქართველოს მომავლის განსაზღვრის აქტიურ ფაზაში, ჩვენი არჩევანი კი ასეთია: დასავლეთი ან რუსეთი”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები