ივანე ჩხაიძე: მიმაჩნია, რომ ყველა პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს
ყველა ის პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, მათი ასივე პროცენტი სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან სამედიცინო სექტორში არსებული რესურსების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ შემთხვევების მართვის რესურსი ქვეყანაში არსებობს.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ინფიცირებული პაციენტები ვმართოთ ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს პროცესი კარგადაა დახვეწილი. არის შესაბამისი პროტოკოლი. არის ძალიან დიდი პრაქტიკა, რომელიც მიიღეს ჩვენმა კოლეგებმა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ასე, რომ ეს ძალიან კარგი რესურსია, თუმცა ვთვლი, რომ ეს ნაკლებადაა დღეს გამოყენებული. უფრო მეტად შეიძლება ამის გამოყენება. მიმაჩნია, რომ ყველა ის პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, მათი ასივე პროცენტი სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს. მათი გარკვეული ნაწილი შეიძლება იმართოს სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა, გარკვეული ემოციური და სხვა ფაქტორების გამო, ვთვლი, რომ პაციენტების არცთუ ისე ცოტა ნაწილი, სტაციონარშია და ეს რეალურ სურათს არ შეესაბამება. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ძალიან მცირე ნაწილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ ჩვენთან ეს პროცენტი უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი რესურსი, რომელიც საქართველოსა ამ მხრივ აქვს, ეს არის კოვიდ სასტუმროები, რომელსაც ქვეყანა ასევე კარგად იყენებს.