ნანა კაკაბაძე: გვესაჭიროება პრეზიდენტი – კონსტიტუციურობის გარანტი
“გვესაჭიროება პრეზიდენტი – კონსტიტუციურობის გარანტი!”, – ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს და პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
“გვესაჭიროება პრეზიდენტი – კონსტიტუციურობის გარანტი! საქართველის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპელობის გარანტი. გვაქვს შეკითხვა ზურაბიშვილთან: კი მაგრამ პრეზიდენტი არ არის კონსტიტუციის, დამოუკიდებლობის და სუვერენობის გარანტი? რომელ დამოუკიდებლობაში ჯდება ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზე ან რამდენიმე კრიმინალის ციხიდან გამოშვებაზე ხელის მოწერა? მით უმეტეს, როდესაც აცხადებთ რომ ამ კრიმინალების გათავისუფლებას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოაწერეთ ხელი?
ქ-ნო პრეზიდენტო, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ნიშნავს საკუთარი და არა გარედან თავსმოხვეული პოლიტიკის გატარებას.
თქვენ აცხადებთ,თურმე დამოუკიდებლობა არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმით იზოლაციას და მაგალითად მოგყავთ ჩვენი დიდი წინაპრები,რომლებიც მუდმივად ეძებდნენ მოკავშირეებს.მოკავშირის პოვნა იყო არა მიზანი,არამედ საშუალება იმ მიზნის მისაღწევად,რასაც ჰქვია “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”.
რაც შეეხება “სტაბილურობის განმტკიცებას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას” ეს უნდა განვიხილოთ არა საბჭოთა ხუთწლედის 4 წელში შესრულების არამედ მხოლოდ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრიზმაში.
ქ-ნო სალომე ეს ყველაფერი ასახსნელი არ იქნებოდა, თუ პრეზიდენტს გექნებოდათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შინაგანი განცდა”, – წერს კაკაბაძე.