დავით ბაქრაძე: მიშელის განცხადება არის მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს, ის არ ასახელებს არც დამნაშავეებს, ის არის ძალიან რბილი
“შარლ მიშელის განცხადება არის მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს”, – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე საშიში დასავლეთის მხრიდან იგნორირება იქნება.
„შარლ მიშელის ინტერესი გახლავთ, რომ ნებისმიერ ფასად გადაარჩინოს ეს პროცესი და არა ის, რომ ვიღაც გალანძღოს და ვიღაც დამნაშავედ გამოიყვანოს, ამიტომ ბუნებრივია, ის ცდილობს პროცესი და შეთანხმება გადაარჩინოს. ის არ ასახელებს არც დამნაშავეებს, ის არის ძალიან რბილი. ანუ პირველი, მისი როგორც უშუალოდ მედიატორის ფუნქცია და მოვალეობა ამ შემთხვევაში გახლავთ ყველაფრის გაკეთება შეთანხმების გადასარჩენად და ეს განცხადება არის სწორედ მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს და მეორე, არ უნდა აგვერიოს მეგობრებო ერთი რამ – არ ნიშნავს მაინც და მაინც მკაცრი კრიტიკა იმას, რომ ეს ყველაზე ცუდია, რაც დასავლეთიდან წამოვა. ყველაზე ცუდი, რაც დასავლეთიდან წამოვა არის უბრალოდ ხელის ჩაქნევა საქართველოზე და ამ ქვეყნის დაიგნორება, რომ ქართველებისგან არაფერი გამოვა. ძალიან მძიმე და მკაცრი იყო ამერიკელების დღევანდელი შეფასება, მაგრამ არანაკლებ შემაშფოთებელი იქნება ის თუ ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე ევროპელებმა უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს და როცა 2024-ში აი ეს გადამგდები მთავრობა განცხადებას შეიტანს ევროკავშირში, ის განცხადება დაგვახვევინეს და უკან გამოგვატანეს სახლში – ეს იქნება მძიმე შედეგი, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს დავკარგავთ, როგორც მატყუარები, როგორც არასანდო პარტნიორები. ყველაზე უფრო საშიში ჩვენთვის არის სწორედ დასავლეთის მხრიდან იგნორირება, რაც პირდაპირ რუსეთისკენ მიგვაქანებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.