„სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, ექიმები დაავადების გამავრცელებლები არ უნდა იყვნენ “ – „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“

სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, – ამის შესახებ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ თავმჯდომარე არჩილ ჩხოტუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი დაავადების გავრცელების წყარო თავად არ უნდა გახდეს.

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ“, რომელიც პროფესიული, დარგობრივი ასოციაციების 70-ზე მეტ წევრს აერთიანებს, განცხადება გაავრცელა, რომლითაც რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა როგორც მოსახლოებას, ისე ჩვენს კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ვფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები „კოვიდ 19-ის“ ეპიდემიის ასეთი მზარდი ტემპების პირობებში მოსახლეობას და ჩვენს კოლეგებს გაუადვილებს, იმოქმედონ სწორად, რათა ავადობის ზრდის ტემპი შევაჩეროთ. მოვუწოდეთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს, ყველა იმ პირს, რომელიც სამედიცინო სექტორში მუშობს, მედმუშაკებს, ექთნებს, რომ ვაქცინაცია აუცილებლად ჩაიტარონ.

სამთავრობო სტრუქტურების მიმართ გარკვეულწილად შემოვედით წინადადებით, რომ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო გახდეს. ამასთან, შემოუშავებული იქნას გარკვეული წახალისების მექანიზმები იმისათვის, რომ მოსახლოებამ და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალმა ვაქცინაცია ჩაიტარონ.

ევროკავშრიის მთელმა რიგმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს ეს დადგენილება, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება. მაგალითისთვის შემიძლია, საბერძნეთი და საფრანგეთი მოვიყვანო. დიდი ბრიტანეთის მთავრობაც განიხილავს ამას.

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი ზოგადად აცრილი არაა, ბევრი ექიმი, ექთანი და სხვა მედპერსონალი აცრილია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არაა. ვფიქრობთ, რომ ყველა უნდა აიცრას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ სამედიცინო პერსონალი დააავადების გავრცელების წყარო თავად არ უნდა გახდეს. სამედიცინო პერსონალი, გარდა იმისა, რომ თვითონ უნდა იყოს დაცული , მათი დაცულობით დაცულები უნდა იყვნენ ის პაციენტები და ადამიანები, რომლებთანაც მათ კონტაქტი აქვთ. მათ კონტაქტი ადამინების ფართო წრესთან აქვთ. თითო ექიმს დღეში, შეიძლება, 20-25-30 პაციენტთან ჰქონდეს შეხება. სამედიცინო პერსონალი, ექიმები დაავადების გამავრცელებლები არ უნდა გახდნენ. ასევე ეთიკური საკითხია ის, რომ ექიმი მოსახლეობისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს“ – განაცხადა არჩილ ჩხოტუამ.

მისივე თქმით, ასოციაციის რამდენიმე რეკომენდაცია ჯადანცვის სამინისტროს მიერ უკვე გათვალისწინებულია.

„კერძოდ, საუბარია ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებაზე, მსუბუქი და საშუალო სიმძიმეების პაციენტების კოვიდსასტუმროებში გადაყვანაზე და ჰოსპიტლებში კოვიდსაწოლების გამოთავისუფლებაზე, რადგან ავადობა მზარდი გვაქვს. რამდენიმე რეკომენდაცია ჯადანცვის სამინისტროს მიერ უკვე გათვალისწინებულია. სამინისტრო ამ მიმართულებით მუშობს“ – განაცხადა ჩხოტუამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება.

„ჩვენ ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ სავალდებულო ვაქცინაციას ექიმებისთვის, ვინაიდან ექიმებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი თითოეული მოქალაქის და მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები