ცოტა ხნის წინ ქართველმა ულტრანაციონალისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრეზენტაცია გამართა. ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ვასაძეს რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინის ახლო გარემოცვასთან მჭიდრო კავშირები აქვს. ვასაძე ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებითაც ცნობილია. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰომოფობიური აქციის ორგანიზება. ვასაძე საქართველოში კრემლის გავლენის აგენტს წარმოადგენს, რომელიც კონსერვატიულ-რელიგიურ ღირებულებებს რუსეთთან კავშირის შესანიღბად იყენებს. ვასაძემ არაჩვეულებრივად იცის, რომ ღირებულებები, რომლებსაც ქადაგებს, ქართული საზოგადოების ტრაციდიების ერთგულ სეგმენტს ბიზნესმენის მოსკოვთან კავშირებისგან ყურადღებას გადაატანინებს.
ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს განსაზღვრავს და შიდა პოლიტიკაში ჰომოსექსუალიზმის პიარით ერევა. მას ადგილობრივ ულტრამემარჯვენე და სიძულვილის ჯგუფებთან აქვს კავშირი. 2019 წლის ივლისში მან სახალხო რაზმების შექმნა დააანონსა: „გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვექნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან.“
სინამდვილეში, ერთი შეხედვით ტრადიციების დამცველი ვასაძე საქართველოში პუტინის საქმეს აკეთებს. ბიზნესმენს რუსეთთან ფინანსური კავშირებიც აქვს. ვასაძე რუსულ ფინანსურ–სამრეწველო ჯგუფ „სისტემაში“ 1998 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა და პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა. იმ პერიოდში ის სტრატეგიული განვითარების საკითხებს კურირებდა და კორპორაციასთან ერთად „კომსტარსა“ და „სისტემა გალსს“ ხელმძღვანელობდა. 2006 წელს ვასაძე სადაზღვევო კომპანია „როსნოს“ ჩაუდგა სათავეში, რომლის თანამფლობელიც „სისტემა“ იყო. 2015 წელს ვასაძე კვლავ კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა და ერთ-ერთი საინვესტიციო პორტფელი ჩაიბარა. „სისტემას“ შტაბბინა მოსკოვში მდებარეობს. ვასაძეს კავშირები აქვს პუტინის გარემოცვის წევრ ნაციონალისტებთანაც. ვასაძის რუსი მეგობრების მცირე ნაწილს რუსი ოლიგარქი – ვლადიმერ ევტუშენკოვი, „სბერბანკის“ ხელმძღვანელი – ჰერმან გრეფი, ბიზნესმენი – კონსტანტინ მალოფეევი და საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი – ვლადიმირ იაკუნინი წარმოადგენენ.
აქვე უნდა ვახსენოთ ალექსანდრ დუგინი, რომელსაც ხშირად კრემლის მთავარ იდეოლოგადაც მოიხსენიებენ და რომელთანაც ლევან ვასაძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ვასაძე დუგინის მიერ ორგანიზებულ, ევრაზიანისტული ფილოსოფიის ფორუმებს ხშირად ესწრება. მნიშვნელოვანია, რომ ევრაზიანისტებს რუსეთი მართლმადიდებლური სამყაროს უპირობო ლიდერად მიაჩნიათ და თვლიან, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთს, როგორც უმაღლეს ლიდერს, უნდა ემორჩილებოდნენ. ამას იზიარებს ვასაძეც, რომელიც ევრაზიანისტების შეკრებებს ესწრება. საინტერესოა, რომ პოლიტიკური მოძრაობის წარდგენიდან მალევე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვასაძე დუგინს მოსკოვში შეხვდა.
ლევან ვასაძის პირადი თუ ფინანსური კავშირები, მისი განცხადებები და დამოკიდებულება რუსეთთან ნათლად გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში ბიზნესმენი ტრადიციებს კი არა, კრემლის ინტერესებს იცავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინის პროპაგანდა ვასაძეს პოლიტიკური მოძრაობის დაანონსების წამიდან აქტიურად აპიარებს. რუსული სახელმწიფო მედია ვასაძის აღწერისას ხაზს უსვამს, რომ ის ანტილიბერალი, მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელიც აბორტებს ეწინააღმდეგება და საქართველოს დასავლური გავლენებისგან იცავს. კრემლის პროპაგანდა აღნიშნავს, რომ ვასაძე, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ყველაზე წინ ოჯახს აყენებს. რუსული სახელმწიფო მედიის მიერ ვასაძის შესახებ გავრცელებული სტატიები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განახლების მნიშვნელობას ხაზს უსვამს და ამ პროცესში ვასაძის შესაძლო გადამწყვეტ როლზე მიუთითებს.
პუტინის მედიის მხრიდან ვასაძის ასე გაპიარება, რა თქმა უნდა, კარგად აჩვენებს, თუ ვინ არის სინამდვილეში ულტრამემარჯვენე ბიზნესმენი. აქვე გეტყვით, რომ, ტრადიციულ მედიასთან ერთად, ვასაძის პოპულარიზაციას რუსულ სოციალურ ქსელ – VK-ს საეჭვო ანგარიშებიც ეწევიან. ანგარიშებს აღწერის ველში „ინფორმაციული გვერდი“ აქვთ მითითებული და მათ პოსტებს თითქმის არავინ აზიარებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ხელოვნურად შექმნილ, არაავთენტურ გვერდებთან გვაქვს საქმე. კრემლი ქართულ პოლიტიკაში გავლენის აგენტის ჩანერგვას ცდილობს და მის დასახმარებლად პუტინის პროპაგანდის ყველა აქტორს იყენებს, მედიისა და ტროლების ჩათვლით. თუმცა, როგორც უნდა ამოეფაროს ვასაძე ტრადიციული ქართველი კაცის იმიჯს, ის მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში რუსული ინტერესების გამტარია და სხვა არაფერი.
სოფიო მირცხულავა