მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა

14-16 ივლისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის საპარლამენტო დონეზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში; ასევე, „ასოცირებული ტრიოს” ფორმატში ერთობლივად ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის კუთხით საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერება.
შეხვედრებზე ასევე იმსჯელებენ ორ ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტისთვის სამზადისზე და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე.
უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები ვიცეპრემიერ მინისტრთან უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინასთან; უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ემინე ჯაპაროვასთან; უკრაინის უმაღლეს რადაში ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, ლუდმილა მარჩენკოსთან; საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ოლექსანდრ მერეჟკოსთან და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ივან კრულკოსთან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები