საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა
პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილა დადგენილების პროექტი „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ და კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ფაქტობრივი საქმიანობა დაიწყო მიმდინარე წლის 13 მაისიდან, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის ინიციატივით ეს კომისია 17 თებერვალს შეიქმნა. კომისიამ მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 40-მდე პირი იქნა დაბარებული ახსნა-განმარტებებისთვის.
მათგან მიღებული ინფორმაცია ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იყო საბოლოო ჯამში საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის“, – განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ. მისი ინფორმაციით, ამჟამად საგამოძიებო კომისია მუშაობს დასკვნასა და დადგენილების პროექტზე, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პარლამენტს უკვე სრულფასოვანი სურათი წარედგინოს. „გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა უწყებიდან დიდი მოცულობის ინფორმაციაა გამოთხოვილი, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ, გადათვლის პროცესისა და გასაუბრებების შედეგად, საკმაოდ დიდი მოცულობის მასალა დაგროვდა, რომელიც საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს.
კომისიის მანდატი მიმდინარე კვირაში, 17 ივლისს იწურება. შეუძლებელია, ამ პერიოდში მასალა სრულფასოვნად დამუშავდეს და პარლამენტის ბიუროს წარედგინოს. შესაბამისად, კომისია ითხოვს ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის მოამზადებს როგორც დასკვნას, ისე – დადგენილების პროექტს, რომლებიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება.