დაუმძიმდება თუ არა მუხლი ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დაკავებულს – ადვოკატის განმარტება

{"uid":"C45DD687-1FBB-46FF-92AF-BEFB65F4FF82_1626007582482","source":"other","origin":"unknown"}

5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატი თამარ დოხტურიშვილი ამბობს, რომ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მუხლი არ გადაკვალიფიცირდება.

მისი თქმით, აუცილებელია გამოძიება დაელოდოს ექსპერტიზის დასკვნას, რითაც გაირკვევა, უკავშირდება თუ არა მისი გარდაცვალება 5 ივლისს მომხდარს.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ტრაგიკული ამბავია, ნამდვილად. თუმცა, აუცილებელია, დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას. მე რამდენადაც ვიცი, მკურნალობდა ის და შემდეგ გაეწერა სახლში, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის, რატომ გაწერეს მაშინ. მეტს ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ექსპერტიზას უნდა დაველოდოთ, რა დასკვნას დადებს, არის თუ არა საერთოდ კავშირში მისი გარდაცვალება 5 ივლისს მომხდართან.

რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არ ვფიქრობ, რომ შეიცვლება. ჩვენ დუმილის უფლებას ვიყენებთ, მაგრამ ჯერ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არ ვიცი, რადგან არ აქვს ინფორმაცია, მე უნდა შევიდე და გავაგებინო ეს ამბავი”, – განაცხადა თამარ დოხტურიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე, 5 ივლისს, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და თავს დაესხნენ მათ. შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. დღეს კი “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახი მომხდარს 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოში ოპერატორის ცემას უკავშირებს, სადაც ლაშქარავას 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

ამ წუთებში ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები