გიორგი გახარია: ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის ვაინტერესებთ, ეს თუ არ შევინარჩუნეთ და ჩვენ რწმენასთან ერთად არ მივიტანეთ იქ – არაფერი არ გამოვა
“ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ენის და რწმენის საფუძველი, ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო თუ არ იქნება ძლიერი, ვერც კულტურას, ვერც რელიგიას, ვერც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვერავინ ვერ დაიცავს.
„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ენისა და ჩვენი რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ტრადიციები და იდენტობა შევინარჩუნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წინ არ უნდა ვიყუროთ. ჩვენი თანამედროვე მომავალი – ჩვენი ევროპული მომავალი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი იდენტობით უნდა მივიდეთ იქ – ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ იქ.
ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ იმდენი ერია მსოფლიოში. ჩვენ კი საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ეს თუ არ შევინარჩუნეთ და ჩვენ რწმენასთან ერთად არ მივიტანეთ იქ – არაფერი არ გამოვა. ყველაფერი ეს რომ გავაკეთოთ, გვჭირდება მარტივი რამ – შრომისა და სამართლიანობის გარდა გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო თუ არ იქნა ძლიერი, ვერც კულტურას, ვერც რელიგიას, ვერც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვერავინ ვერ დაიცავს, ძლიერმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.