გივი მიქანაძე – გუშინდელ მოვლენებზე: პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული ყოფილიყო
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის შეფასებით, თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული ყოფილიყო.
მისივე თქმით, თითოეულმა ადამიანმა, ვინც ძალადობრივი ღონისძიება განახორციელა, პასუხი უნდა აგოს.
“პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული ყოფილიყო. თუ იქ ადგილი ჰქონდა კონკრეტულ გადაცდომას, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დადგება. მაგრამ, რეალურად, ფაქტი იმისა, რომ მოხდა ასეთი ძალადობრივი ქმედება, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი და მინდა, გითხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება, არ აქვს მნიშვნელობა – ვის მიმართ თუ როგორ, არის წარმოუდგენელი და, შესაბამისად, თითოეული ადამიანი, ვინც ძალადობრივი ღონისძიება განახორციელა, მან პასუხი უნდა აგოს”, – აცხადებს გივი მიქანაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.