კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ შვიდ მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, 7 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი, გორი, ქობულეთი, სენაკი და აბაშა საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა და პროექტის ექსპერტებმა მონაწილეებს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმები გააცნეს და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საინჟინრო დიზაინების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრებს ადგილობრივი მერიების, საკრებულოებისა და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“პროექტის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონი აშშ დოლარია და მისი განხორციელება 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის მიზანი კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირება, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარება და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვაა, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან უკეთ დაცვას. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელებისთვის 10 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტია შერჩეული”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.