“ენგურჰესიდან ელექტროენერგიას არასანქცირებულად ვიღებთ, მოვიგონეთ ამბავი, რომ 40% ჩვენ გვეკუთვნის” – “ჩერნომორენერგოს” ყოფილი ხელმძღვანელი

 

ოკუპირებულ აფხაზეთში აღიარებენ, რომ “ენგურჰესიდან” ელექტროენერგიას თბილისის კეთილი ნების შედეგად იღებენ, კერძოდ კი, არასანქცირებულად.

როგორც ადგილობრივ მედიას “ჩერნომორენერგო”-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, რეზო ზანთარიამ განუცხადა, “ჩვენთვის მოვიგონეთ ამბავი, რომ 40% გვეკუთვნის – ეს არის ჩვენი სურვილი, მაგრამ ქართულ მხარეს ეს დოკუმენტებში არ დაუდასტურებია”.

“გვაქვს “ენგურჰესი” გარკვეული სტატუსის და ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე. სიმართლე გითხრათ, მათგან ელექტროენერგიას არასანქცირებულად ვიღებთ. ჩვენთვის მოვიგონეთ ამბავი, რომ 40% გვეკუთვნის – ეს არის ჩვენი სურვილი, მაგრამ ქართულ მხარეს ეს დოკუმენტებში არ დაუდასტურებია. იგივე შეიძლება, ითქვას ჰიდროელექტროსადგურზე – 1, რომლის სიმძლავრეა 215 მეგავატი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე. იგი მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ დღემდე საქართველოს კანონების შესაბამისად მუშაობს.
რა გავაკეთეთ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის დამოუკიდებლობისთვის? სამამულო ომის შემდეგ, ჩვენ გვქონდა სამი მოქმედი გადამყვანი სადგური, რომელთა სიმძლავრე 120 მეგავატი იყო. დღეს იქ არაფერია, არ არსებობს სადგურები. გვქონდა 11-12 მცირე ჰიდროელექტროსადგური და ეს ყველაფერი განადგურებულია. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს – ცუდი, მოუწესრიგებელი ელექტროქსელები, ცუდი მარეგულირებელი ჩარჩო, ხარვეზების ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება”, – აცხადებს ზანთარაია.

რაც შეეხება ენერგეტიკაში ინვესტიციის მოზიდვის საკითხს, რეზო ზანთარია ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა “სახელმწიფოს სტაბილურობა, რაც დღეს აფხაზეთში არ არსებობს”.

“მთელი მსოფლიო ეძებს ინვესტიციებს და საუკეთესო პირობების შეთავაზებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ინვესტიციები მიდის იქ, სადაც სტაბილურობაა. ჩვენთან დღეს სტაბილურობა არ არის, არ არსებობს პირობა, რომ ინვესტორმა ფულის დაბანდების საკითხის განხილვა დაიწყოს.

მაგალითად, ინვესტორი ჰიდროელექტროსადგურს აშენებს და გამომუშავებული ერთი კილოვატი 1,20-1,50 რუსული კაპიკი ეღირება – ეს არის მსოფლიო ფასი. შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო ან ზოგიერთი კომპანიები ასეთ ფასად ელექტროენერგიის ყიდვას?

გვჭირდება ძლიერი კანონი, რომელიც ყველაფერს დაარეგულირებს. ყველაფერი იწყება ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშებით. როდესაც ეს ყველაფერი ხარჯის შესაბამისი იქნება, შეგვიძლია, ვისაუბროთ ინვესტიციებზე. ინვესტიციების მოზიდვისთვის აუცილებელია კონკურენტული გარემოს შექმნა და მხოლოდ ასეთი გარემო უზრუნველყოფს მაქსიმალურად დაბალ ტარიფს, რომელიც მისი დანახარჯის შესაბამისი იქნება. ის ფაქტი, რომ ახლა სახელმწიფო ელექტროქსელების ექსპლუატაციას დაბალ ფასად ახორციელებს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ, რომელიც ადრე თუ გვიან ჩატყდება”, – განმარტა რეზო ზანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები