პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა.
პარლამენტის ინფორმაციით, ფრაქციებმა – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”, „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” და, ასევე, პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი” და პარლამენტის უფრაქციო წევრებმა – თამარ ჩარკვიანმა და მიხეილ დაუშვილმა უარი განაცხადეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობაზე. ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტის არსს.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ უნდა დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ისევე როგორც პარლამენტმა უნდა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები და მხოლოდ სასამართლო რეფორმის განხორციელების შემდეგ უნდა განახლდეს ეს პროცესი”, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებს, განსხვავებით ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფისგან. „უნდა შეგეძლოს, რომ ეს დოკუმენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევნებთან დაკავშირებით სხვაგვარად განმარტო და თავი მოიჭრა იურიდიულ საზოგადოებაში იურისტმა ადამიანმა”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებისა, არ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში კვოტირების საკითხის განსაზღვრისას, მაინც გაითვალისწინა ოპოზიციის კვოტები ჯგუფის შექმნისას. გადაწყვეტილების თანახმად, სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას”, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფსა და პარლამენტის უფრაქციო წევრებს – თითო-თითო წევრი. სამუშაო ჯგუფის მდივანი იქნება ფრაქცია „ქართულ ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილი.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში კვოტები განსაზღვრულია, ასევე: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანისთვის, იურიდიული სამსახურის დირექტორ რაჟდენ კუპრაშვილისთვის, სახალხო დამცველისთვის, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრის, აკადემიკოს ჯონი ხეცურიანისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, დეკან თამარ ზარანდიასთვის. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას დღეიდან შეუდგა.