მიხეილ სარჯველაძე: იმ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, რომლებმაც ხმა არ მისცეს „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს, გაუმართლებელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, რომელმაც ხმა არ მისცეს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს, გაუმართლებელი და არასწორია.

მისივე თქმით, განსაკუთრებით გაუმართლებელია „ლელოს“ შემთხვევაში, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერია.

„უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა, უმნიშვნელოვანესი იმის გათვალისწინებით, რომ ის პრაქტიკულად მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელზეც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ხედავდა ცვლილებების საჭიროებას, ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ის რეფორმა, რომელიც ყველა შემთხვევაში განაპირობებს არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულქმნას საქართველოში. ასეთ ფონზე იმ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, რომელმაც ხმა არ მისცეს ამ გადაწყვეტილებას, გაუმართლებელი, არასწორი და ლოგიკურად არათანამიმდევრულია. განსაკუთრებით, ეს მინდა, ვთქვა “ლელოს” შემთხვევაში, ვინაიდან ისინი არიან ხელმომწერნი შეთანხმებისა და მათ უნდა გამოეჩინათ ერთგულება იმ პრინციპებისა, რაც ასახულია მიშელის დოკუმენტში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები