კახა კუჭავა: ჩვენი მიზანი 2024 წლამდე იქნება, განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რომელიც სამართლებრივად და ცხოვრების დონით ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს
“ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო კარგები, ძლიერები და დამოუკიდებლები, უფრო დემოკრატიულები და მაქსიმალურად შევერწყათ იმ კულტურულ, სისტემურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელიც ევროკავშირს გააჩნია.
ჩვენი მიზანი 2024 წლამდე იქნება ის, რომ განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან სამართლებრივად და ცხოვრების დონით.
რაც ყველაზე მთავარია, გააუმჯობესებს საქართველოში ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ჩვენ მიმზიდველს გაგვხდის ევროკავშირისთვის, რომ გვითხრან, მოდით, გახდით ჩვენი წევრები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
კახა კუჭავას თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია, რომ ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნოს და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების საშუალებას მოგვცემს.
“განცხადება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განცხადების გაკეთება დღესაც შეგვიძლია, მაგრამ ეს განცხადება არ იქნება განხილული, რადგან გვეტყვიან, რომ დასასრულებელი გაქვთ კიდევ ბევრი საკითხი, რომელის შემდგომაც ჩვენ თქვენს განცხადებას განვიხილავთ.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის გარდაუვალი და ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რაზეც ყველა თანხმდება, მითუმეტეს საპარლამენტო ფორმატში, ის საკითხები, რომელიც ამ მხრივ მნიშვნელოვანია, უნდა გადაწყდეს კონსესუსის საფუძველზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კამათი, არგუმენტირებული კამათი მითუმეტეს აუცილებელია და ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ იმ მთავარი მიზნის გარშემო, რაც გაგვაჩნია, აუცილებელია ამ კუთხით ვიყოთ ერთიანები. ნიშანდობლივია და უნდა აღინიშნოს რეზოლუცია, საპარლამენტო განცხადება ნატოს სამიტის წინ, რასაც ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი. ეს არი იყო დოკუმენტი, რომელიც დავდე მაგიდაზე, იყო პროცესი, დაიგზავნა ყველა მხარესთან, ვისაც სურვილი ჰქონდა, შენიშვნები გამოხატა, გარკვეულწილად ავსახეთ და ეს იყო ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი.
ჩვენგან აუცილებელი იყო კიდევ ერთი მკაფიო განაცხადი ამასთან დაკავშირებით. იგივე ხდება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველა პოლიტიკური ძალა, რომ ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ჩვენს ხალხზე ვიზრუნოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში წევრობაზე. ეს არ მოიცავს მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას და ჰარმონიზაციას, აქ მნიშვნელოვანია იგივე კულტურული კომპონენტი.
როგორც იტყვიან, შტურმით უნდა ავიღოთ ბრიუსელი და ევროპა, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ყველა მხარე საქართველოსი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მათთვის გახდეს ორგანული ნაწილი და არა ფორმალობა, რომ მხოლოდ წევრები გავხდეთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.