ნათია თურნავა: მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებასა და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურს არ გადაახდევინებს
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებასა და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურს არ გადაახდევინებს.
„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია – შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს. ამ ანძების მეშვეობით სხვადასხვა რადიომაუწყებელს სიხშირეებს ვაწვდით. ჩვენ და ასევე მარეგულირებელ კომისიას ცოტა ხნის წინ მიმართა 24-მა რადიოკომპანიამ და ამ ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვებული დავალიანების პატიება ითხოვა. ეს ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ ეს მოთხოვნა გავიზიარეთ მათ შორის, მათი არგუმენტაცია. მართლაც, რადიოკომპანიების ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა, მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, მათ შემოსავლები ან შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და 24 რადიომაუწყებელი კომპანის მიმართ დახლოებით 1.5 მლნ ლარის დავალიანება და, ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება მოხდება. ჩვენ გვინდა, მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ მათ შეუფერხებელ მუშაობას ხელს, ასევე, თავისუფალ რადიომაწყებლობას“, – განაცხადა თურნავამ.